30-05-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული (შერეული) ფორმატით მიმდინარეობს, ფინალური გამოცდები კი თბილისის გარდა დამატებით საგამოცდო ცენტრებში - ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართება.
თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა ფოთოლაშვილის თქმით, თსუ-ის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისი და ახალციხე, რათა გაუმარტივდეს სტუდენტს გამოცდაზე გამოცხადება: „ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების რეგისტრაცია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი დღეს სრულდება. რეგისტრაციის შედეგად, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოთქვა.“
მისი თქმით, სასწავლო პროცესი თსუ-ში მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმატით, რაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულ პროგრამებზე არის როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიოსწავლება. თსუ-ში 24 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. ამ ეტაპზე თსუ-ში სასწავლო პროცესიგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში.