2-06-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
„ფერმერებისგან ვიღებთ ინფორმაციას იმ საჭიროებებზე, რომელიც მათ აქვთ. მალე დაიწყება ატმის სეზონი, შემდგომ ხორბლის და ქერის მოსავლის აღება. ჩვენ გვექნება შტაბები, რომელიც იფუნქციონირებს და კოორდინაციას გაუწევს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესს, რომელშიც ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოსავალი დაბინავდეს დროულად და ფერმერებს ამ მიმართულებით პრობლემები არ შეექმნათ“, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც ფერმერმა გივი ნებუნიშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, 2020 წელს მოაწყო.
სამაცივრო მეურნეობაში, ამ ეტაპზე, მარწყვის სარეალიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს.
ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროექტების ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 40-მდე სამაცივრო მეურნეობა არის დაფინანსებული და შექმნილი, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ატმის მოსავლის დაბინავებას და შემდგომ ექსპორტს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2.5-ჯერ არის გაზრდილი ატმის ექსპორტი.
გივი ნებუნიშვილმა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობის შექმნისათვის ინვესტიცია, 350,000 ლარი განახორციელა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 300,000 ლარია. სამაცივრო მეურნეობაში 100 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 40 ადამიანია დასაქმებული.
კახეთის რეგიონში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში, გაცემულია 31 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 150-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტია.