გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნუნუ მიცკევიჩმა გამყოფი ხაზის მიმდებარედ აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

4-06-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები  გამართა.


ფახულანის, ლიის, ჭალისა და მუჟავას სკოლის მოსწავლეებს მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა და სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ახალგაზრდებზე ზრუნვა და მათი ხელშეწყობა უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები  ახალგაზრდებისთვის სამინისტრო არაერთ მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროგრამასა და სოციალურ პროგრამას.


ღონისძიების ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ მოსწავლეებს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული სამეცნიერო კონკურსების პირობები გააცნო. მათ შორის, ფონდის გენერალურმა დირექტორმა ახალგაზრდებთან მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი –  „ლეონარდო და ვინჩი“ განიხილა და მათ კონკურსში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის კითხვები ძირითადად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებასა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებას ეხებოდა.


საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ლობჟანიძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმაც მიიღეს.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც სისტემატურად გაიმართება, სადაც აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციას სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მიაწვდიან.


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა  2013 წლიდან მოქმედებს და მისი ბიუჯეტი 5 000 000 ლარს შეადგენს. თანხა განკუთვნილია 9 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის – გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, დუშეთის, წალენჯიხის და ზუგდიდის  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებისთვის. აღნიშნული დაფინანსება გაიცემა უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებზე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე ახორციელებს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების სოციალურ პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლიათ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებს. მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი სტუდენტზე საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადის შესაბამისად გაიცემა.