გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა არეშიძე: ორმაგი საფრთხეა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით...ოპოზიცია ამას აუცილებლად გამოიყენებს მღელვარების შესაქმნელად

9-06-2022

"თუ წევრობის სტატუსს ვერ მივიღებთ, იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ამოვარდნილია ყველა საერთაშორისო ფორმატიდან", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" პოლიტიკის ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე. რამდენად ხედავს ამის საფრთხეს და რა პროცესები განვითარდება საქართველოში, როგორ გამოიყენებენ პრორუსული ძალები და რა შეიძლება გააკეთონ ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა, ამ საკითხებზე მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ:

 

- ევროკავშირის უარს საზოგადოების ერთი ნაწილი მკვეთრად უარყოფითად მიიღებს და ამის საფრთხე ნამდვილად არის, ოპოზიცია კი ამას აუცილებლად გამოიყენებს სათავისოდ. მათ ქმედებაში გარკვეული ლოგიკა ნამდვილად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ქმედება, როგორც პროცესი, დესტრუქციული გზით წავა. სამწუხაროდ, საზოგადოების მეორე ნაწილში ისედაც არის ნიჰილისტური განწყობა, რაში გვჭირდება ევროკავშირიო. ცხადია, მე ვერც ერთი მხარის მიდგომას ვერ გავიზიარებ. საქმე ის არის, რომ ევროკავშირთან, ევროპასთან თუ ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის, ასე ვთქვათ, სტილი ჩადებულია ქართული დიპლომატიის ხაზში საუკუნეების განმავლობაში. ამას თავისი მნიშვნელობა და აზრი ჰქონდა. ნუ დაგვავიწყდება, სულხან-საბამ იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო ევროპელი მონარქების კარზე, რჯული შეიცვალა და კათოლიკე გახდა. ეს მისთვის მარტივი არ ყოფილა და განპირობებული იყო იმ უკიდურესი ვითარებით, რაც მაშინ ქვეყნის გარშემო იყო შექმნილი. არაერთხელ მითქვამს, რომ ზოგ შემთხვევაში უკეთესია პროცესი, ვიდრე ვთქვათ, ინტეგრაცია. ახლა ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსის მოცემა, ერთი შეხედვით, არაფერია, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ რამეში წაგვადგება. მართალია, უსაფრთხოების ქოლგას ვერ შექმნის, მაგრამ ბევრად მყარი პოზიცია გვექნება. თუ ამას ვერ მივიღებთ, იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ამოვარდნილია ყველა საერთაშორისო ფორმატიდან. თუ ევროპასთან არ ვიქნებით თუნდაც წვრილი ძაფით დაკავშირებული, ქვეყანა ბევრად მოწყვლადი გახდება. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იმავე მიდგომების დემონსტრირება მოხდეს საქართველოს მიმართ, როგორიც უკრაინისა და მოლდოვას მიმართ არის. ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის განცხადება მოწმობს, რომ მიუხედავად იმისა, რა ილაპარაკეს პარტიის ყრილობაზე, უფრო მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური მთლიან­ობა, ვიდრე ის, ვინ არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში და მოსწონს თუ არა ეს სახალხო პარტიას. ამიტომ მგონია, რომ ევროსტრუქტურებში გონიერება გაიმარჯვებს, არ აჰყვებიან ზოგ შემთხვევაში აბსოლუტურად ცრუინფორმაციას, კონიუნქტურას და გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომელიც ევროპული ფორმატის მომავლისთვის არის საჭირო.

 

- დავუშვათ, არ მოგვცეს სტატუსი, რუსეთი ამას ჩვენს წინააღმდეგ როგორ გამოიყენებს?

 

- კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არ შეიცვლება. რუსეთისთვის მთავარია საქართველო ნატოში არ გაწევრდეს, თორემ ევროკავშირში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი მაინცდამაინც არც არასოდეს ყოფილა. თუმცა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, საბოლოოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრება არ მოხდეს. მოკლედ, თუ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, ხიფათი უფრო გაიზრდება, თუ მივიღებთ, შემცირდება, მაგრამ ცხადია, ძალიან მცირედ.

 

- ანუ, თუ არ მოგვცემენ, ორმხრივად საზიანო იქნება. კონკრეტულ საფრთხეებზე თუ შეიძლება საუბარი, ვინ რის გაკეთებას შეეცდება?

 

- კი, რასაკვირველია, ორმაგი საფრთხეა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. როგორც დასაწყისშივე გითხარით, ოპოზიცია ამას აუცილებლად გამოიყენებს მღელვარების შესაქმნელად, თან გაითვალისწინეთ, რომ მათ უკან დასავლეთში სერიოზული პოლიტიკური ძალები დგანან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს გარკვეული დახმარებები შეუწყდება, არადა, ამას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მორალურადაც და ეკონომიკურადაც.

 

- რამდენად ძლიერია იმ პრორუსული ძალების გააქტიურების საფრთხე, რომლებიც საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვას დაიწყებენ. რუსეთი ამას არ გამოიყენებს?

 

- ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ ევროპულ ფასეულობებს ვუწოდებთ, ფსევდოფასეულობებია. ეს ე.წ. ფასეულობები ჩვენთვის მიუღებელია და არც აპირებს ვინმე მიღებას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ ფაქტორებზე ნუ მოვახდენთ კონცენტრაციას, მაგალითად, გეიაღლუმებზე და ასე შემდეგ, რადგან ამის მიღმა ევროპაში სხვა მართლა რეალური და ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობებიც არსებობს. ჩვენ შეგვიძლია დასავლეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ პრინციპების მიღებაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მით უმეტეს, რომ ჩვენ დასავლეთს ვჭირდებით და სამხრეთ კავკასიის დაკარგვა, დასავლური პოლიტიკისთვის მძიმე დარტყმაა. ამიტომ დინჯად და ისტერიკის გარეშე უნდა მივუდგეთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას და მათ შორის ევროინტეგრაციის საკითხს.

 

- რუსეთი თავისი მხარდამჭერების მეშვეობით შეეცდება საქართველოში განწყობების მისთვის სასიკეთოდ შეცვლას?

 

- რუსეთი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. სტატუსის გადასაწყვეტად. სხვა არაფერი გაჭრის და მე, როგორც ქართულ-რუსული საექსპერტო კომისიის თავმჯდომარემ 5 წლის განმავლობაში (2019 წლამდე), შემიძლია გითხრათ, რომ მიდგომები არ იცვლება. ისინი ყოველთვის გეუბნებიან, აფხაზეთსა და ცხინვალს დავანებოთ თავი და სხვა თემაზე ვილაპარაკოთო. არ გვინდა სხვა თემაზე ლაპარაკი, ამ თემაზე გვინდა და რა უნდა შეიცვალოს? ასე რომ, რუსულ ძალებს აქ არავითარი შანსი არა აქვთ, რომ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვონ ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით. საერთოდ, რუსეთმა საქართველოში რაიმე რომ გამოიყენოს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა შეექმნება უკრაინაში. ღმერთმა ნუ ქნას, თუ უკრაინაში წარმატებას მიაღწია, მაშინ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მოსუფთავებას მოინდომებს და ამაში ჩვენც მოვხვდებით. ზუსტად ამიტომ გვჭირდება, რომ რაღაც ქოლგა გვქონდეს. რაც შეეხება მათ, ვინც სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ მოხდება. ევროპას აქვს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული თვისება - ეს არის ანგლოსაქსების კულტურული ჭიდილი. მათი განძრევა ძნელია, მაგრამ თუ გაინძრევიან, შეჩერება ვეღარ მოხერხდება და რასაც დღეს ბრიტანეთი აკეთებს, ამის განსაკუთრებული მანიშნებელია.

 

 

წყარო: "კვირის პალიტრა"