13-06-2022
საქართველოს მთავრობის მიერ კომპანია „IDS ბორჯომის" ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აქციების გადანაწილების ახალი სქემის თანახმად, სახელმწიფოს კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება შეუძლია.
„ჩვენ ვახდენთ ორი დოკუმენტისგან შემდგარ გარიგებას - ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული, „ბორჯომის" მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის, პარტნიორთა შეთანხმებაში" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება: ERASMONY LIMITED იქნება აქციების 49.99%-ის მფლობელი; მეორე მსხვილი აქციონერი არის კომპანია Black Waters Limited აქციების 38.48%-ით. საქართველოს სახელმწიფო ფლობს აქციების 7.73%-ს და ასევე კომპანიას ჰყავს მინორიტარი აქციონერები - 3.79%-ს ფლობენ „ბორჯომის" ყოფილი თანამშრომლები და სხვადასხვა აქციონერები.
ამავე დროს, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, შესაბამისად, ორი დირექტორი ეყოლება ERASMONY LIMITED-ს, ორი დირექტორი ეყოლება მეორე მსხვილ აქციონერს - Black Water Limited-ს და ერთი, გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე აქციონერია დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი - მას წარმოადგენს სახელმწიფო.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „ბორჯომის" აქციების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო, რათა მიღწეული ყოფილიყო მთავარი მიზანი - „ბორჯომს" შეძლებოდა სრულფასოვანი საქმიანობა, რაც დადასტურებულია კრედიტორი ბანკების მხრიდან.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, საელჩოებთან, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებებით მივიღოთ ის, რასაც ვგეგმავთ - ერთი მხრივ, კომპანია „ბორჯომის" ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და მეორე მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების შექმნა გამოეწვია. ასე რომ, სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, რომელიც მოგვეცა იმისთვის, რომ კომპანია გადაგვერჩინა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ასევე ვუპასუხოთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, რომელიც საკმაოდ დაზიანდა სანქციების შემოღების დაწყებიდან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.