15-06-2022
კარლ ბილდტის განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, არ არის სამართლიანი და ეს ყველაზე კარგად იცის თვითონ კარლ ბილდტმა. ასეთ განცხადებებს აქვს ძალიან მარტივი მიზეზი და ამ მარტივ მიზეზს ქვია ფული, რომელიც მას აქვს აღებული საქართველოს ბიუჯეტიდან საიდუმლო ხარჯებით. როდესაც ის ლაპარაკობს, თითქოს მოხდა დემოკრატიის უკუსვლა სხვადასხვა დროს, მან ყველაზე უკეთ იცის, როგორი რეჟიმი იყო სააკაშვილის დროს და ეს ნათქვამი აქვს პირადად ჩემთან, როცა ის საქართველოში ჩამოდიოდა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, კარლ ბილდტის მიერ ერთ დროს მიღებული თანხები როგორც ჩანს დღემდე მოქმედებს, ეს არის ის ქრთამი, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს და აკეთებინებს იმ განცხადებებს, თითქოს სააკაშვილის პატიმრობა არის უკანონო, თითქოს საქართველოში ოპოზიციის დევნა მიდის და ა.შ.
„კარლ ბილდტი 11-ჯერ არის თავისი მინისტრობის დროს ჩამოსული საქართველოში, როგორც წესი ის მოდიოდა ხოლმე სახალხო დამცველის ოფისში და ერთხელ პირდაპირ მითხრა - მე აქ მოვდივარ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა იცოდეს, რომ სახალხო დამცველის ოფისი არის ევროპის ყურადღების ქვეშ და არ გაბედოს აქ სპეცრაზმით შემოსვლა, რაღაცის დაშავება.
ანუ კარგად იცოდა, როგორი რეჟიმი იყო ის. თუმცა ის მაინც აკეთებს ასეთ განცხადებებს და ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი და ამ მარტივ მიზეზს ქვია ფული, რომელიც მას აქვს აღებული საქართველოს ბიუჯეტიდან საიდუმლო ხარჯებით. მხოლოდ ერთჯერადად ეს არის ხელშეკრულება დადებული 18 მლნ კრონზე, რაც დაახლოებით 3 მილიონ დოლარამდეა, მაშინდელი კურსით ეს არის 4, 5 მილიონი ლარი. არსებობს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ბრძანება სადაც წერია, რომ პლიუს იმ კომპანიას, რომელშიც კარლ ბილდტი მუშაობდა, 1 მილიონი დოლარი ყოველთვიურად უნდა გადროცხოდა.
ეს არის უზარმაზარი ფული. მარტო ის ერთჯერადი 18 მლნ კრონი უფრო მეტია, ვიდრე ყველა ამერიკულ ლობისტურ კომპანიას აქვს გადარიცხული მთლიანად იმ პერიოდის განმავლობაში.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს იყო საიდუმლო ხარჯი, განსხვავებით სხვა ლობისტური კომპანიებისთვის გადარიცხული ხარჯებისგან. ამის გრიფის მოხსნას სხვათა შორის ძალიან სერიოზული კამათი მოჰყვა საქართველოს მთავრობაში იმიტომ რომ, 2014 წელს მოხდა ეს ამბავი, მაშინ რამდენიმე პარტია ვიყავით ერთად კოალიციაში, კოალიციური მთავრობა იყო და ზოგიერთი პარტია ეწინააღმდეგებოდა ამ გრიფის მოხსნას, მაგრამ მაშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რატომ ლაპარაკობს კარლ ბილდტი იმ სიცრუეს, რასაც ის ასე დაბეჯითებით ამტკიცებს ხოლმე და შესაბამისად ამით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.
სხვათა შორის მაშინ შვედური პრესა წერდა, რომ ეს არის ჩვეულებრივი კორუფცია ძალიან მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან. კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია, რაც იმ პერიოდში გაავრცელა მაშინდელმა ელჩმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ერთი ელჩი ფარავდა ორივე ქვეყანას, რომელმაც როცა თქვა, რომ მან გააკეთა, მისწერა წერილი საგარეო საქმეთ მინისტრს იმ საოცარ დარღვევებზე, რომელითაც ჩატარდა 2008 წლის არჩევნები, ამის გამო მან მიიღო ძალიან სასტიკი საყვედური კარლ ბილდტისგან და პირდაპირ მიუთითეს მას, რომ ამაზე ხმა არ უნდა გაეღო.
ესეც კარგად მეტყველებს, რომ საერთოდ არ აინტერესებდა კარლ ბილდტს, რა ხდებოდა საქართველოში, იყო თუ არა დემოკრატია, ის უბრალოდ ლობირებდა ერთი კაცის ინტერესს და ამ ინტერესის უკან იდგა ფინანსური დაინტერესება, რაც კარგად ჩანს იმ დოკუმენტებიდან, რომელიც გამოქვეყნებულია უკვე პრესაშიც მათ შორის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა არ დააკონკრეტა, ვინ ეწინააღმდეგებოდა გრიფის მოხსნას, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის საქართველოს მეგობარი და არ შეიძლება გრიფი მოეხსნას.
„მე მქონდა პოზიცია, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პოზიცია, რომ საქართველოს მეგობრებს, თუკი ისინი საქართველოს ეხმარებიან, დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თუკი ეს არის არა საქართველოს დახმარება, არამედ ერთი კონკრეტული პირის გათეთრება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან, ამ შემთხვევაში, საზოგადოებას აქვს უფლება, რომ ამის შესახებ იცოდეს. ეს აინტერესებდა სხვათა შორის შვედურ პრესას, ეს აინტერესებდა ქართულ საზოგადოებას და ამიტომ ეს გრიფი იქნა მოხსნილი. საზოგადოებამ გაიგო ის სიმართლე, რაზეც ვილაპარაკე.
სიმართლე არის ძალიან სერიოზული, რომ დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ერთჯერადად იქნა გადარიცხული იმ კომპანიაზე, რომელსაც წარმოადგენდა კარლ ბილდტი და შემდეგ ყოველთვიურად ხდებოდა ამ გადარიცხვების განხორციელება დამატებით. ეს იყო უზარმაზარი თანხა და კიდევ გავიმეორებ, ეს იყო გრიფით საიდუმლო. აი ეს არის ის, რაც ამოძრავებს კარლ ბილდტს დღემდე და კარგი იქნება თუ თავის გავლენებს დღეს ევროპულ პოლიტიკაში გამოიყენებს სამართლიანობისთვის, საქართველოს და ევროკავშირისაკენ მიმსწრაფი სხვა ქვეყნების მხარდასაჭერად და არა პირიქით საქმის გასაფუჭებლად.
კარლ ბილდტის განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მთავარი. ვის ინტერესებს ემსახურება არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ერთ დროს მის მიერ მიღებული თანხები როგორც ჩანს დღემდე მოქმედებს, დღემდე ეს არის ის ქრთამი, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს სამწუხაროდ და რომელიც აკეთებინებს იმ განცხადებებს, თითქოს სააკაშვილის პატიმრობა არის უკანონო, თითქოს საქართველოში ოპოზიციის დევნა მიდის და ა.შ. მთლიანობაში ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და ფაქტებით შეგვიძლია ამ ყველაფერზე ლაპარაკი“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.