გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლატვიის ვიძემეს უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება

15-06-2022

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მმართველობაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლატვიის ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ. ეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ დანერგილი მეორე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს/Jean Monnet პროექტის  (EUSTBA) ფარგლებში  ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო და ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ვიძემეს უნივერსიტეტის რექტორმა აგნესა დავისდონემ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 

 „კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის პროგრამა შეემატა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს იქნება ორი პროგრამის ძალიან კარგი შერწყმა, რაც მისცემს სტუდენტებს საშუალებას ისწავლონ თსუ-სა და ვიძემეს უნივერსიტეტში და მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

ვიძემეს უნივერსიტეტის რექტორის აგნესა დავიდსონეს აზრით, შეთავაზებული კურსი კარგი შესაძლებლობა იქნება სტუდენტებისათვის როგორც საქართველოდან, ისე ლატვიიდან. „ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ სასწავლო პროგრამაზე ორივე მიმართულებით და ვფიქრობ, კარგ შედეგს გამოიღებს იმის ერთობლიობა რაც ისწავლება ევროპისმცოდნეობისა და სტრატეგიული კომუნიკაციისა და მმართველობის პროგრამის  ფარგლებში,“- აღნიშნა აგნესა დავიდსონემ.

 

„თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2019 წელს დაიწყო ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ლატვიის ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან, რაც ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. პროგრამა ძალაში შევა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე და ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები წელსვე შეძლებენ ლატვიაში გამგზავრებას,“-განაცხადა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა.

 

კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის პროგრამის შექმნის თაობაზე,  ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში, შეთანხმება თსუ-სა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის 2022 წლის იანვარში გაფორმდა. სტუდენტების პირველ ნაკადს პროგრამაზე 2022-2023 წლისთვის მიიღებენ.