15-06-2022
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, საქართველოს კიდევ ერთი მსხვილი და განსხავებული ტურისტული პროექტი შეემატა და გვიხარია, რომ „კასს ლენდი" ჩვენს პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული პროექტია, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტებისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალში, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში, პირველი ეკოტურისტული პროექტის „კასს ლენდის" გახსნის შესახებ განაცხადა.
„კასს ლენდი" კომპანია „კასს ჯგუფის" პროექტია. პროექტის ფარგლებში წალკის კანიონზე, დაცულ ტერიტორიაზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებითა და ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა. პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან.
კომპანია „კასს ჯგუფი" სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის ბენეფიციარია და სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ კანიონისა და სასტუმროს პროექტების განხორციელებისთვის ჯამში 10 მილიონი ლარის სესხით ისარგებლა.