გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტყიბულის თეატრში ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

18-06-2022

ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში, ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ემოციებით დატვირთულ საღამოში, მუნიციპალიტეტის მკვიდრი ქალბატონები, ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე, ანრო ცირეკიძე და ნათელა დოღონაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც პოემიდან ჯერ საყვარელი ეპიზოდები და შემდეგ კი, შემთხვევით შერჩეული თავები ზეპირად წაიკითხეს.


“ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნის ტრადიციის გაგრძელებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ანრო ცირეკიძე და ნათელა დოღონაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა ფულადი საჩუქრით 1000-1000 ლარით დააჯილდოვა.
დამატებით 1000-1000 ლარით ქალბატონები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტისგან დაჯილდოვდნენ, მათ ფულადი საჩუქრები უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, მარიამ ლიკლიკაძემ გადასცა.


აღსანიშნავია, რომ გერმანული ენის ფილოლოგი, დამსახურებული პედაგოგი, ტყიბულის საპატიო მოქალაქე ანრო ცირეკიძე „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსებში ექვსგზის გამარჯვებულია, ხოლო ნათელა დოღონაძე სამცხე-ჯავახეთში გამართული „ვეფხისტყაოსნის“ კონკურსის III საპატიო ადგილის მფლობელი, რომელმაც მეუღლის დახმარებით პოემა 60 წლის ასაკში შეისწავლა.


ტყიბულის მერის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ლიტერატურის შედევრის ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად კითხვის ტრადიციის გაგრძელებისათვის, ასევე დაწესდა 2000 ლარიანი პრიზი იმ პირებისთვის ვინც პოემას ზეპირად შეისწავლის.


ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერაბ კვიცარიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.