22-06-2022
ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა - გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ისტორიული ჩანაწერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავითარი კონკრეტული, ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციის გზაზე წინა ხელისუფლებას ქვეყნისთვის არ მოუტანია.
„მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან შესვენების დროს და მინდა, კითხვა დავუსვა ჩვენს საზოგადოებას და ოპონენტებს - გამახსენეთ ერთი, კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ამ ძალამ, კონკრეტულმა ძალამ მოუტანა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ვინმეს გახსენდებათ? მე მახსენდება შევარდნაძის დროს, როცა ევროპის საბჭოს წევრი გახდა საქართველო, როცა ისევ შევარდნაძის დროს გაკეთდა ოფიციალური განაცხადი ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ მახსენდება ძალიან ბევრი ანტი-ევროპული, ანტი-დემოკრატიული, ანტი-ჰუმანური, ანტი-ეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც აღნიშნული ძალის წარმომადგენლები ყოველდღე სჩადიოდნენ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. და დღეს ეს ძალა, ყველაზე მკაფიოდ, ნათლად გამოკვეთილი ანტი-ევროპული, ანტი-ჰუმანური ძალა ჩვენ გველაპარაკება და კითხვებს სვამენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ჩვენ, ვინც ქვეყანას რეალურად მოვუტანეთ ასოცირების შეთანხმება, რომელიც თქვენი მმართველობის დროს გაჭიანურდა, 3 წელი ვერ დაიწყო პროცესი, სამი წლის დაგვიანებით დაიწყო საქართველომ ეს პროცესი, ამაზე რატომ არ აკეთებენ განმარტებას, იციან, რომ პასუხი არ აქვთ. ყველას კარგად გვესმის, რომ მათ არავითარი ევროპული არ სჭირდებოდათ, მათ სჭირდებოდათ ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი. ძალიან სამწუხაროა, აქ ადამიანებს აქვთ პრეტენზია, თითქოს იცავენ რაღაც ევროპულ იდეალებს, მაგრამ მაშინ, სააკაშვილის დროს არ მახსენდება ამ ადამიანების კრიტიკა, არ მახსენდება თქვენი განცხადებები თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვდით პასუხს? ამ დროს ჩვენმა გუნდმა მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს მართლაც არის ისტორიული გადაწყვეტილება. მე ამით დავიწყე საუბარი და მინდოდა მესაუბრა ეკონომიკაზე, ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. სამწუხაროდ, მათ კარგად იციან, რომ ეს არის მართლაც დიდი მონაპოვარი და შემთხვევით ისე ჩვენ არავინ არაფერს გვაჩუქებდა, არავინ არ არაფერს მოგვცემს, თუ არ იქნებოდა დამსახურება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, იმისთვის რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ისტორიული ჩანაწერი, არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, ასეა, მეგობრებო, ამას ითხოვს ხალხი 30 წელია,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენისთვის ბოდიში მოუხადა, მათ შორის, ოპონენტების მაგივრად.
„ასე რომ, საზოგადოებას მინდა ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის, მათ შორის, თქვენს მაგივრად ძვირფასო ოპონენტებო, ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ ამდენი მართლაც ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან რთულია ასეთ უმსგავსო ქმედებებს და შეურაცხყოფებს, ასეთ ეპითეტებს არ გამოეხმაურო,"- განაცხადა პრემიერმა.