24-06-2022
მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ თბილისში, სასტუმრო "უინდემ გრანდ თბილისში" გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „მუნიციპალიტეტები მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატისთვის," სადაც მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) სამუშაო ვერსიების ძირითადი საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მიზანს ასევე წარმოადგენდა ზემოთაღნიშნული კუთხით მუნიციპალიტეტების მხრიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება და სამოქმედო გეგმების მომზადების, მონაცემების დამუშავების მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო" (CBIT ITF) ტექნიკური მხარდაჭერით. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ და მისი აღმასრულებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), განხორცილებას გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).