გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მიხეილ ჩხენკელმა COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

28-06-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

 

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ სიტყვით COST-ის საინფორმაციო დღის ღონისძიებაზე. მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრობა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს მისწრაფების რეალიზებამდე, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

 

მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვისწრაფვით ხელი შევუწყოთ საქართველოში აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და განვითარებას. მრავალი წელია, რაც საქართველო ჩართულია ევროკავშირის პროგრამებსა და აქტივობებში, რათა მეტად გააძლიეროს მონაწილეობა ევროპის კვლევით სივრცეში.

 

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული ერთსულოვანი დადებითი გადაწყვეტილება, COST-ის სრულ წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით, ცხადყოფს, რომ ქვეყნის სამეცნიერო სფერო ევროპის კვლევითი სივრცის განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო თანამშრომლობა საერთაშორისო ქსელები და პირადი კონტაქტების დამყარება გამოცდილ მეცნიერებთან გადამწყვეტია კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.

მოგეხსენებათ, ინტერდისციპლინური კვლევების წახალისება წარმოადგენს საქართველოს კვლევით პრიორიტეტს. კვლევებს მივყავართ აღმოჩენებისკენ, ინოვაციებისა და მიღწევებისკენ. დამწყები და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის იქმნება ხელსაყრელი გარემო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვისა და კარიერული წინსვლისთვის.

 

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში COST-ის ასოციაციის სრული წევრობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას, ჩაერთოს ორგანიზაციის სტრატეგიული მომავლის ფორმირების პროცესში. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის სრული წევრობა მიმართულია სამეცნიერო საზოგადოების ხელშეწყობისკენ, რათა მათ სრულად ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც COST-ის წევრობა ითვალისწინებს.“

 

COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების – „საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა COST ასოციაციაში – ახალი შესაძლებლობები ქართველი მკვლევრებისთვის“ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევრებისთვის COST-ის ასოციაციის საქმიანობის გაცნობა, რაც ევროპაში, და მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერასა და მკვლევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

 

 

ღონისძიების ფარგლებში COST-ის ასოციაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობის გზები გააცნეს. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია საქართველოსთვის, როგორც COST-ის ასოციაციის სრულუფლებიანი წევრისთვის, შეთავაზებული სხვადასხვა ინიციატივის შესახებ.

 

 

COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანმა, ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორმა რონალდ დე ბრუინმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო და უკრაინა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრები 2022 წელს გახდნენ. შედეგად, ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა COST-ის ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით. ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა და მასთან პირადად განიხილა COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი.

 

 

2022 წლის 14 თებერვალს მიხეილ ჩხენკელმა ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შესაბამისი განაცხადი გააკეთა. 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უკრაინის ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და ორივე ქვეყანა COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

 

 

COST-ის ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1971 წელს დაფუძნდა.


ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპელ მკვლევრებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე, მათი კვლევითი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციების ჩატარების, საზაფხულო სამეცნიერო სკოლების შეთავაზებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.


COST-ის ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოებას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებში, სემინარებში და ტრენინგებში. COST-ის ასოციაცია ასევე აფინანსებს: მოკლევადიან სამეცნიერო ვიზიტებს კვლევით დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში, დისემინაციის აქტივობებსა და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას. ამასთან, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია გასცემს საკონფერენციო გრანტებს, რომლებიც დოქტორანტურის სტუდენტებსა და დამწყებ მკვლევრებს აძლევს საშუალებას, დაესწრონ საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კონფერენციებს.