გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ სააკაშვილი: ახლა დგება სიმართლის მომენტი, ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს - 3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე

1-07-2022

შეიძლება, უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ. დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ, რომლის ერთი ბინძური ჩექმა უკვე აწვება საქართველოს სხეულს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გავრცელდა.


როგორც სააკაშვილი აცხადებს, დღეს საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე და „არავის უნდა დავუტოვოთ სამოქალაქო მშვიდობის შერყევის შანსიც კი, რათა ერთ დროს მოწინავე და ახლა მაჩანჩალა ქვეყანა, ისევ ლიდერად ვაქციოთ“.


„დღეს, ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, ამაღელვებელი დღე იყო. უმაღლესმა რადამ თავის ოფიციალურ დროშად გამოაცხადა ევროკავშირის დროშა. და როგორც ქართველისთვის, ეს იყო დეჟა-ვუ.


მინდა შევახსენო ყველას, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოში პირველად ავწიეთ და დავაკანონეთ ევროკავშირის დროშა. ჩემს ინაუგურაციაზე პირველად გაიჟღერა სიხარულის ოდამ. მას შემდეგ, ევროპისკენ სვლა არ შეგვიწყვეტია და ამას მაშინ ევროპაშიც კი, ბევრი ალმაცერად უყურებდა.


აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნამ, რომლის სათავეშიც ხოსე მანუელ ბაროსოსთან, კარლ ბილდტთან და რადეკ სიკორსკისთან ერთად მეც ვიდექი, საბოლოოდ გამოგვგლიჯა მხოლოდ სამხრეთ კავკასიური ქვეყნის სტატუსი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად გვაქცია.


საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ, 2011 წლის ოქტომბერში, თბილისის თავისუფლების მოედანზე პირველად წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: "საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი". ეს არ თქმულა არც უკრაინაზე და არც მოლდოვაზე. მე ღრმად მწამს, რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყნის ადგილი იყო ევროკავშირში. ეს გზა კი არ იყო ია-ვარდით მოფენილი.


როდესაც 2007 წელს ხალხი გამოვიდა, მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხალხი მასობრივად გამოვიდა ქუჩაში, მათ შორის ახალგაზრდობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით რეგიონის ლიდერები რეფორმებში, მშვიდად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადავაბარეთ ხელისუფლება. 2008 წელს, ქართული სახელმწიფოებრიობა ევროპელი ლიდერების თანადგომამაც გადაარჩინა.


ახლა კი, შეიძლება, უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ. დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ, რომლის ერთი ბინძური ჩექმა უკვე აწვება საქართველოს სხეულს. ხალხის ნების წინააღმდეგ წამსვლელები არიან ძალიან ცოტა და სუსტი, ხალხი კი ძალიან ბევრი და ძლიერია. სახელმწიფო აპარატის უმეტესი ნაწილი სწორ მხარესაა.


ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე. არავის დავუტოვოთ სამოქალაქო მშვიდობის შერყევის შანსიც კი, რათა ერთ დროს მოწინავე და ახლა მაჩანჩალა ქვეყანა, ისევ ლიდერად ვაქციოთ.


მე ვიჯექი სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას გვერდით, როდესაც მან წარმოთქვა თავისი ისტორიული ფრაზა. ახლა, როდესაც ყველაფერს, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა, წყალში გვიყრიან, მინდა გავიმეორო და განვავრცო ეს ფრაზა: ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ევროპელები, მაშასადამე მაგრები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი არჩევანის დაცვა!


როდესაც ბათუმს ვაშენებდით, ლაზიკას ვაპროექტებდით, სიღნაღს და ბევრ ადგილს ვქმნიდით, ყოველთვის მსურდა, რომ ყოფილიყო როგორც ევროპაშია. ჩვენ იმისთვის კი არ ვშრომობდით, რომ ჩვენს ქალაქებში ბინები რუსებს ეყიდათ და ქართველები მარწყვის საკრეფად გაეშვათ გერმანიაში. არამედ იმისთვის, რომ ამ ევროპულ გარემოში ჩვენ გვეცხოვრა ევროპულად.


ახლა დგება სიმართლის მომენტი. ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს. როგორც არასდროს, მჯერა ჩვენი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობის, სწორი განსჯის და ბრძოლისუნარიანობის.


ვარდების რევოლუციამ საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და ახლა, ჩვენ იქ ხელახლა უნდა დავბრუნდეთ.


3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე, რადგანაც საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტის და მისიის განცდით დავბრუნდი - ვყოფილიყავი ყველაზე საჭირო დროს ჩვენი ხალხის გვერდით.


ახალგაზრდობის დიდი იმედი მაქვს. ჩვენ ყველანი ხიდად უნდა გავეგოთ მათ, რათა ამ თავისუფალმა თაობამ, პირველ რიგში, სწორ ნაპირზე გადასვლა მოახერხოს.


დღეს ჩვენ ვართ ერთი პარტია. მას საქართველო ჰქვია. ამ პარტიის გამარჯვება იქნება თითოეული ქართველის გამარჯვება. ის ერთი ხელის გაწვდენაზეა. იმედით აღსავსე ქართველი და ამაყი უკრაინელი, მიხეილ სააკაშვილი”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.