5-07-2022
ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წყალტუბოს ბიზნესპოტენციალი ძალიან კარგად არის შეფასებული, ამ შესწავლის შედეგები გათვალისწინებულია კურორტის ახალ, კონცეპტუალურ გენერალურ გეგმაში და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
„წყალტუბოს გენერალური გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი ღერძი, რომელზეც კურორტის განვითარებას ვაფუძნებთ და მისი განვითარება წარმოგვიდგენია. გენგეგმის შემუშავებაში ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები გვყავდა ჩართული, ასევე წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალის შეფასებისას გვყავდა უძრავი ქონების ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, „კუშმანი." მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი თითოეული პროექტი გაიყიდება და გვეყოლება ახალი ინვესტორები, მათთან ერთად შევძლებთ უკვე დეტალებზე მუშაობას და გენერალური გეგმის დეტალების დაზუსტებას იმგვარად, რომ თანხვედრაში იყოს ჩვენი ხედვა და ინვესტორების ინტერესები თუ საჭიროებები" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ძირითადი რამდენიმე მიმართულება უნდა გამოიყოს, მათ შორის განსაკუთრებულია ავთენტურობისა და იმ ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, რომელიც უნიკალური არქიტექტურის სახით დღეს კიდევ არის წარმოჩენილი. შესაბამისად, ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კულტურული მიმართულება, გარდა იმისა, რომ მოხდება 22 სანატორიუმის სრული რეაბილიტაცია, რომლებიც წლის განმავლობაში 300 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა.
„ჩვენ მოვახერხებთ კულტურული კომპლექსების განვითარებას, რა თქმა უნდა, უნიკალური გასტრონომიით და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხის აგროპროდუქტებით, აგრობაზრით, რომელიც ზუსტად ნატურალურ, ბუნებრივ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობას გააჩენს სტუმრებისთვის და ესეც იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.