14-07-2022
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია „უოთერ ლენდის" ახალი საწარმო გახსნა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით მცხეთა - მთიანეთის მხარეში ნატახტარში გაიხსნა. ვიცე-პრემიერი საწარმოს საქმიანობას გაეცნო, რომლის წარმოებული პროდუქციის 80 პროცენტზე მეტი ექსპორტზე 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნება.
საწარმოში, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული, მტკნარი და მინერალური წყლების და ლიმონათის წარმოება მიმდინარეობს. ახალი საწარმოს მშენებლობაში კომპანიამ 3 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ტემპი საკმაოდ დამაიმედებელია. მისი თქმით, მხოლოდ მცხეთა - მთიანეთის რეგიონში 300 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. „სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება საშუალებას გვაძლევს, გაიხსნას ახალი საწარმოები ან არსებულის ტექნოლოგიური მოდერნიზაცია მოხდეს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის სეგმენტი, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პროგრამის ფარგლებში საქართველოს კიდევ ბევრი საწარმო შეემატება, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერთან ერთად, საწარმოს გახსნას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში სულ დაფინანსებულია 610 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 322 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3,673-ია.