გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რათა გაიზარდოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხი და ეტაპობრივად შემცირდეს დამოკიდებულება იმპორტზე

15-07-2022

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორისგან ბუნებრივი აირის მოპოვების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვების ლიცენზიას ფლობს, სადაც, დადასტურებული პროგნოზით, 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმისთვის, რომ ქვეყანამ გაზარდოს ენერგოუსაფრთხოების ხარისხი და ეტაპობრივად შეამციროს დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე, ნავთობსა და გაზზე. ლევან დავითაშვილის თქმით, შედეგად, გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა.


„ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰეივუდმა ვრცლად ისაუბრა კახეთში ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. მისი პროგნოზით, საბადოზე შესაძლებელია უფრო მეტი ბუნებრივი რესურსი იყოს. პოლ ჰეივუდის განცხადებით, კომპანია მოპოვებით სამუშაოებს, დიდი ალბათობით, 2023 წლიდან დაიწყებს.


შეხვედრაზე აღინიშნა რომ ბუნებრივი აირის მოცულობა თბილისის მახლობლად, კომპანია „შლუმბერჟეს" მიერ გაბურღილი ჭაბურღილის ტესტირებით 2019 წელს დადასტურდა. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე მოპოვების ლიცენზიის ოპერატორია კომპანია "ბლოკ ენერჯი", რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. პოლ ჰეივუდის ინფორმაციით, კომპანია გეგმავს ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, უკვე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის ათვისებაზე ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. ამჟამად კომპანია საქართველოში 5 პროექტს ახორციელებს.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ტატიშვილი.