16-07-2022
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფ შპს ღვინის ლაბორატორიას, 18 წლის იუბილეზე, ყოფილი დირექტორის, ირმა ჭანტურიას სახელი მიენიჭა. ქალბატონ ირმას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ღვინის ლაბორატორიის შექმნაში. ირმა ჭანტურია გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს „ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში“, 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა, რომლის საფუძველზეც „შპს ღვინის ლაბორატორია“ შეიქმნა. 2009 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ირმა ჭანტურია შპს ღვინის ლაბორატორიის დირექტორის პოზიციას იკავებდა. მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის მზარდი ექსპორტის და ხარისხობრივი მაჩვენებლების მკაცრი კონტროლის პირობებში, უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ლაბორატორიის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა და მაღალვალიდური კვლევების მეთოდოლოგიის დანერგვა.
ღვინის ლაბორატორი აქართული ღვინის ხარისხის სისტემების ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს; მისი ძირითადი ფუნქცია ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი, მევენახეთა და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერა და სხვადასხვა თემატური აქტივობის განხორციელებაა.
ღვინის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც საქმიანობა, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტალურად აღწერილი მეთოდოდოლოგიებით ხორციელდება. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხის მაქსიმალურად დაცული, კონფიდენციალური, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა ეტაპს, ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე.
შპს ღვინის ლაბორატორია 2014 წლიდან სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაშია, სადაც სამეცნიერო საქმიანობა ახალი მეთოდების განვითარების, საქართველოში გავრცელებული ვაზის ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშების, მათგან დაყენებული ღვინოების მონაცემთა ბაზების შედგენისა და ტექნოლოგიური პროცესების დამუშავების მიმართულებით ხორციელდება.
ღვინის ხარისხის კონტროლის გაძლიერების, ტექნოლოგიური პროცესის დაცულობის, პროდუქციის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ფალსიფიკაციის ნიშნების არსებობის დადგინდენის მიზნით, შპს ღვინის ლაბორატორია მუდმივად აახლებს ტექნიკურ აღჭურვილობას და თანამედროვე სტანდარტებს ნერგავს.