გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა

16-07-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ.  

 

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.   საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სპორტული აქტივობებიც გაიმართა, რომელშიც აშშ-ის არმიის მე-4 უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერი ბრიგადისა (SFAB) და მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ღონისძიება საწვრთნელ ველზე თავდაცვაზე ორიენტირებული საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ბატალიონის ქვეითმა ოცეულმა, აშშ-ის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, მოწინააღმდეგეების მიმართ ჩასაფრება, დაზვერვის ასეულმა კი, საბრძოლო სროლები განახორციელა. საიუბილეო ღონისძიების დასასრულს, მე-2 ქვეითმა ბრიგადამ ქუთაისის საზაფხულო სკოლა „მკვლევარის“ მოსწავლეებსაც უმასპინძლა.

 

მე-2 ქვეითი ბრიგადა 1992 წელს შეიქმნა. ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. მე-2 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.