19-07-2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადეა საჭირო.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება.
„თავისთავად, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა. ის, რაც ჩვენ მოსამართლისგან მოვისმინეთ, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სიცხადე შევიდეს. ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სიცხადე შეტანილი არ არის. ამიტომ, ვნახოთ, ალბათ, განმარტებები იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ისმის თუ არა როგორც სახელისუფლებო შტოდან, ასევე სასამართლოდან ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის განცხადებაში „არაფერი ანტიდასავლური არ არის“.
„რას ეძახით ანტიდასავლურ განცხადებებს არ ვიცი. თუ მოსამართლის განცხადებებს გულისხმობთ, არ ვიცი, ამ განცხადებაში ანტიდასავლური რა არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.