19-07-2022
იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს.
„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ფაქტობრივად კომენტარს არ აკეთებს, არ ასვენებენ. წელიწად-ნახევრის წინ დატოვა პოლიტიკა, ხელისუფლება, რომელიც მუდმივად პროცესშია და არაერთხელ ავხსენი, შეუძლებელია, ვინმე ისე მართავდეს არაფორმალურად. წარმოუდგენელია, ფაქტების გარეშე დაადანაშაულო ადამიანი, რომ არაფორმალური მმართველია. ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, ქვეყანასაც უფრთხილდება, ამ პროცესსაც და არ ერევა ამ საკითხში, თუმცა ეს კვანძები, რაზეც ვსაუბრობ, 6-თვიანი ვადა, კელი დეგნანის პოზიცია, რიგი საკითხები, რევოლუციური სცენარი, ბანკის თემა, „კრედით სუისის“ თემა, რომელიც განმაცვიფრებელი დამოკიდებულებაა ბანკის მხრიდან კლიენტთან მიმართებით, ალბათ უკვე დადგა დრო, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩნდება ეს ადამიანი, ალბათ უკვე საჭიროა ვკითხოთ, არ არის პრობლემა, ბიძინა ივანიშვილსაც დავუსვათ კითხვები, რა ხდება ამ პროცესში. ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ სახელით და გვარით მოუწოდებენ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც უშლი ხელს ევროკავშირში შესვლას, შენ უნდა დატოვო ქვეყანა და ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანს. მე თვითონ გამიჩნდა კითხვა, მგონი, დროა, ამ ადამიანმაც გასცეს კითხვებს პასუხი.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ხომ არ იყო კომუნიკაცია ომის დაწყების შემდეგ ამ ადამიანთან, რომ ასეთ შანტაჟს მიმართავენ მის მიმართ. დროა, ეს კითხვები ამ ადამიანსაც დავუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, მიმდინარეობს ზეწოლა ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
კითხვაზე, „ისურვებდით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას“, ყაველაშვილმა აღნიშნა:
„არა არ ვისურვებდი, თუ მე მეკითხებით არ ვისურვებდი, რატომ უნდა ვისურვო. კითხვის დასმა რა შუაშია პოლიტიკაში დაბრუნებასთან, ამიხსენით. მე ვიძახი იმას, რომ არ ვარ მომხრე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში. წრედი, 29 ივნისი, 3 ივლისის მოთხოვნები, ეს მხარდაჭერა კელი დგენანის, არასამთავრობო ირგანიზაციები, გადახდილი ფული ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან – კითხვები იბადება. ფაქტია, რაღაც ძალას სურს, რომ ეს ექვსი თვე გადაიდო, რადგან ამ ძალამ ვერ შეძლო რევოლუციური სცენარის განვითარება. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა, მაგალითად, კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ამის კვალობაზე ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი. მე რომ ამას ვსაუბრობ, იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა. ამ ეტაპზე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.