20-07-2022
სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ლოკაციის კონსულტანტების გილდიის პარტნიორი გახდა. ლოკაციის კონსულტანტთა გილდია (Site Selectors Guild) წარმოადგენს წამყვან ასოციაციას, რომლის წევრი ორგანიზაციები და ექსპერტები მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს საინვესტიციო ლოკაციების შერჩევის სერვისით უზრუნველყოფენ.
ლოკაციების კონსულტანტთა გილდიის პარტნიორობის პროგრამა გულისხმობს ასოციაციის ექსკლუზიურ ღონისძიებებსა და მის წევრებთან პირდაპირ წვდომას, რითაც სააგენტოს შესაძლებლობა ეძლევა, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მისი უპირატესობების შესახებ კიდევ უფრო გაზარდოს ცნობადობა ლოკაციის კონსულტანტებში. აღნიშნული პარტნიორობის პროგრამაში გაწევრიანება კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის კუთხით.
საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, გასული ორი წლის მანძილზე სააგენტომ უკვე რამდენიმე ტურს გაუკეთა ორგანიზება, რომელსაც 10-მდე კონსულტანტი დაესწრო. მიმდინარე წლის შემოდგომაზე კვლავ დაგეგმილია ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ადგილზე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, შეხვედრებს გამართავენ კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოინახულებენ საინვესტიციო ლოკაციებს.