22-07-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მარაბდაში კომპანიის ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ თხევადი შპალერის საწარმო სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. საწარმოს მოწყობისათვის ინვესტიციის მოცულობამ 220,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარზე მეტია. პროდუქცია გამიზნულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისათვის.
კომპანიაში ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ წარმოების პროცესს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე გაეცნენ.
„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების განვითარების ხელშეწყობა.კომპანია ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ ჩვენი სააგენტოს ბენეფიციარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საწარმოშიიწარმოება თხევადი შპალერი, რომელიც მეორადი გადამუშავების პროდუქტია. მსგავსი მიდგომების დამკვიდრება ჩვენი სააგენტოსათვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერ ნოდარ კერესელიძის განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამამ, ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა საგრანტო პროგრამა სოფლად არსებული ბიზნესებისათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა არაერთი საწარმო. საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია, შემოსავლების ზრდა, სოციალური ცხოვრების დონის ამაღლება, ასევე გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
სოფლის განვითარების პროგრამა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 75 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 10.9 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარზე მეტია.