22-07-2022
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი კახეთში მდებარე საოჯახო მარანს „კარდენახის მამულს" ესტუმრა და კომპანიის გაფართოების პროცესს გაეცნო. გაფართოების შედეგად, კომპანია ეკოტურისტულ ობიექტს მოაწყობს, რომელიც სტუმრებს უკვე მომავალი წლიდან უმასპინძლებს.
„საქართველოში ეკოტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნით, გასულ წელს სესხის თანადაფინანსებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემითა და გრანტით აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის წახალისება დავიწყეთ. სწორედ ამ კომპონენტის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს - „კარდენახის მამული" ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია, რომელიც ჩვენი დახმარებით ფართოვდება და ეკოტურისტულ ობიექტს ქმნის. კომპანიამ ჩვენი პროგრამის ფარგლებში აღადგინა ისტორიული სახლი, რომელსაც შეუნარჩუნა ავთენტურობა და მრავალწლიანი ისტორია. თითოეული ასეთი ობიექტი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც კახეთის მხარის, ასევე ქვეყნის ეკოტურისტულ მიმზიდველობას და ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას", - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
„კარდენახის მამული" 2020 წლიდან ამოქმედდა და ღვინის წარმოება დაიწყო, რომელიც უკვე ექსპორტზეც გადის რამდენიმე ქვეყანაში.
წელს კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დახმარებით, კერძოდ სესხის პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში „კარდენახის მამულმა" ეკოტურისტული ობიექტი მოწყობა და სასტუმროსთვის განკუთვნილი ნაგებობის აღდგენა დაიწყო.
„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მიღებული აღნიშნული თანხით კომპანიამ სახლის რესტავრაცია და ოთახების მოწყობა გადაწყვიტა. მომავალი წლიდან კი სტუმრებს საშუალება ექნებათ, საოჯახო სასტუმროს მომსახურებით ისარგებლონ.
კომპანიამ ეკოტურისტული ობიექტის მოწყობის სანაცვლოდ 350 000 ლარის ინვესტირება განახორციელა.