27-11-2017
ეს ქუჩა ბათუმშია, ბარცხანის დასახლებაში. იუსუფ ფაღავას ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს – ამ ქუჩაზე მიკროავტობუსიც აღარ მოძრაობს და ტაქსის მძღოლებიც იკავებენ თავს, როცა იუსუფ ფაღავას ქუჩიდან იღებენ შეკვეთას. ასფალტის საფარის დაზიანების გამო ქუჩა ყოველი წვიმის შემდეგ წყლით და ტალახით ივსება.
„ფეხით გავლაც შეუძლებელია უკვე,“ – ამბობს იუსუფ ფაღავას ქუჩაზე მცხოვრები, თამაზ ხოზრევანიძე, – „ბარცხანის ხიდიდან „აჭარგაზთან“ მისვლამდე დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი არის დაზიანებული, არადა, ბავშვები ბაღში დადიან, სკოლაში. ამ ბოლოს უფრო გართულდა ვითარება, რადგან მარშუტკაც უარს ამბობს აქ გავლაზე. გზა განსაკუთრებით მაშინ დაზიანდა, როცა წყლის მილები ჩასვეს და თამარის დასახლებისკენ წყალი გაიყვანეს. გარდა ამისა, სამშენებლო ნარჩენებსაც აქ გვიყრიან. ასფალტის ნატეხები ჩემი სახლის გვერდით დაყარეს. ყველა უწყებას მივმართეთ, მაგრამ კაციშვილი მომსვლელი არ არის, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“
ფაღავას ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ბარცხანაში მდებარე „აჭარგაზის“ ტერიტორიის შემდეგ გზის საფარი კარგია. ეს გზა ხელვაჩაურის სოფლებისკენ – ჩელტა, ჩაისუბანი, წიქარაული -მიდის.
ოთარ დუმბაძე: „აჭარგაზთან“ მისვლამდე გზა ბათუმს ეკუთვნის და მერიამ უნდა გააკეთოს. დაახლოებით 60 ოჯახს გვაქვს პრობლემა… ბარცხანის ხიდთან არის დისპეტჩერი და მას ვუკავშირდებით ტელეფონით, რომ ხაზის მიკროავტობუსი # 52 ამოვიდეს. ამ ბოლოს აღარ ამოდის, რომც დაურეკო. ტაქსიც უარს ამბობს აქეთ წამოსვლაზე. ზაფხულში უფრო დადიოდნენ, როცა წყალი არ დგებოდა და ტალახი არ იყო და ახლა მართლა შეუძლებელია გავლა.“
ბათუმის მერიაში ვერ გვითხრეს, როდის მოგვარდება გზის პრობლემა იუსუფ ფაღავას ქუჩაზე და როდიდან ივლის იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა და სისტემა ამჟამად სატესტო რეჟიმშია, სავარაუდოდ ორი-სამი თვის შემდეგ გზა მოშანდაგდება. მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის გამოძებნის მერია თანხას იუსუფ ფაღავას ქუჩის კეთილმოსაწყობად.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"