16-08-2022
რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდულმა ბანაკმა მოსწავლეებისა და სტუდენტების მიღება განაახლა. დღეს ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებში მათ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ. ჯარისკაცებმა მოზარდებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, საქართველოს ეროვნული გმირების, სამხედრო განათლების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით, ბანაკის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული ტექნიკის, შეიარაღების, აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, რომლის გაცნობისა და დათვალიერების საშუალება ყველა მონაწილეს ჰქონდა.
ღონისძიების ფარგლებში „სახალისო შეჯიბრი სამხედრო ელემენტებით“ ჩატარდა. სამხედრო ინსტრუქტორებმა მათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. მოზარდები ერთმანეთს ტვირთის გადაზიდვაში, საკაცით დაშავებულების გადაადგილება-გადაყვანასა და მოკლე გარბენში შეეჯიბრნენ. სამხედრო დღე შეჯიბრში მონაწილე გამარჯვებული გუნდის გამოვლენით დასრულდა.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს ყველა რეგიონიდან და მათი შერჩევა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინაციით ხდება. წელს, ბანაკები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს მასპინძლობენ.
პროგრამა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
წელს მოზარდებს შაორსა და ანაკლიაში რამდენიმე ნაკადად უმასპინძლებენ.