30-08-2022
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის პირობები გააცნეს. სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა, ფერმერებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, შეძლონ პროგრამაში ჩართვა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების 3-წლიანი იჯარით სარგებლობა.
სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. საძოვრების აუქციონის გზით იჯარით განკარგვის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებთაც საკუთრებაში ჰყავთ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი, ხოლო ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა.
დღეის მდგომარეობით, ოთხ ეტაპად, უკვე გამოქვეყნებულია 362 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 105 მათგანზე.