31-08-2022
დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელების დღეა. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მდებარე მემორიალთან გაიხსენეს. ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და პოლკოვნიკმა ჯონ მაიკლ ფუჩკომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დღესვე IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა და კოინები გადაეცა.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.