31-08-2022
"საქართველოს ნავსადგურებში დღემდე სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებაში მცდარი და გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებას მიეძღვნა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არასწორი ფაქტების გავრცელება საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ე.წ. „სანქცირებული" გემების შემოსვლაზე აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
„სკრინინგის შედეგებზე დაყრდნობით, ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი, გემი ATACAMA ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ შემოწმებულია სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ATACAMA (IMO # 9248801, მოსვლის ნავსადგური ტუაფსე, რუსეთი), რომელიც 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან. გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაც განხორციელდა 30 აგვისტოს, საღუზე წერტილში მცურავი საშუალების გამოყენებით. რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები. მიმდინარე მონაცემებით, გემი მოიხსნა საღუზე წერტილიდან და ტოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს.
„ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტის ევროკავშირში სრულად კრძალავს 2022 წლის 5 დეკემბრიდან, ხოლო მსუბუქ ნავთობ-პროდუქტებს 2023 წლის 5 თებერვლიდან. ამასთან, ბულგარეთს საზღვაო გზებით 2024 წლის ბოლომდე შეეძლება განაგრძოს საზღვაო ტრანსპორტით ენერგო მატარებლების შეტანა, ხოლო ხორვატიას 2023 წლის ბოლომდე მიეცემა საშუალება მოახდინოს მსუბუქი ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტი. ევროკავშირის სანქციები არ ეხება მილსადენით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, რაც ნავთობპროდუქტების ალტერნატიული ტრანსპორტირების სახეა," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, გემის მფლობელი, ან ტვირთი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.