18-06-2018
ზურაბ სეხნიაშვილი დუშეთის მერად გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და მისმა ხელფასმა წლის ბოლომდე 4 290,48 ლარი შეადგინა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დუშეთის მერს 2016 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანადირთკარში, ბინა და მიწის ნაკვეთი აჩუქეს. აღნიშნული ბინის ფართობი 110 კვ. მეტრია, ხოლო მიწის 600 კვ.მ.
კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც სეხნიაშვილს აჩუქეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში რადიოსადგურის მიმდებარედ მდებარეობს.
ზურაბ სეხნიაშვილის მფლობელობაშია ასევე, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ავტოფარეხი (15,5 კვ.მ).
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის მეუღლის, ნინო თელიაშვილის უძრავ ქონებას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინა და არასაცხოვრებელი ფართი შეადგენს. მან აღნიშნული უძრავი ქონებები გასულ წელს იყიდა და მათ შესაძენად ჯამში 39 000 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციის თანახმად, ბინა, რომლის შესაძენადაც დუშეთის მერის მეუღლემ 19 500 დოლარი გადაიხადა, 81,9 კვ. მეტრი ფართობისაა. ხოლო, არასაცხოვრებელი ფართი, რომლის შესაძენადაც იგივე თანხა გადაიხადა, 91,4 კვ. მეტრია.
დეკლარაცია ზურაბ სეხნიაშვილსა და მისი ოჯახის წევრების მოძრავ ქონებაზე ინფორმაციას არ შეიცავს.