5-09-2022
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მე-2 ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მე-2 ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა განაცხადა, ახალი სტრატეგია 2022-2030 წლებს დაფარავს.
„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე. პირველი სტრატეგია 2014-2020 წლებს ფარავდა. დღეს ახალი სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს. ამ სტრატეგიაზე მუშაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქტიურად გვეხმარებოდა გაეროს განვითარების პროგრამა, ისევე როგორს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში და მათი ექსპერტები. ასევე ინტენსიური განხილვები მიმდინარეობდა შესაბამის უწყებებთან, რომლებსაც ევალებათ, რომ აღნიშნული სტრატეგია შემდეგ გადაიტანონ პრაქტიკაში. სტრატეგია უახლოეს დროში პარლამენტს გადაეგზავნება და პარლამენტის დამტკიცების შემდეგ, უკვე საბოლოოდ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებს და მიმართულებებს შემდეგ უკვე პრაქტიკაში გადაიტანს, როგორც რეგიონებში, ისევე ცენტრალურ დონეზე. სტრატეგიას გააჩნია ოთხი ძირითადი მიმართულება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ისევე, როგორც მართლმსაჯულების საკითხები პირველი პრიორიტეტია. შემდეგი პრიორიტეტი არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები. მესამე პრიორიტეტი თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებას ფარავს და მეოთხე პრიორიტეტი არის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა.
სტრატეგია ძალიან კომპლექსური დოკუმენტია. ადამიანის უფლებების ყველა ძირითად უფლებას ფარავს და როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ და სამოქალაქო უფლებების ნაწილში თავის პრიორიტეტებს განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრატეგიით განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტები შემდეგ კონკრეტულ აქტივობებში უნდა გადაითარგმნოს. რთული პროცესი იქნება კონკრეტულ აქტივობებზე შეთანხმება, იმიტომ, რომ კომპლექსური პროცესი იქნება, რადგან ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები და მათთან ერთად გადაწყდება, რა კონკრეტული აქტივობები უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და სახელმწიფო ინსტიტუტებმა, რომ აღნიშნული პრიორიტეტები პრაქტიკაში განხორციელდეს. პრიორიტეტები ეხება სამოქალაქო უფლებებს, პოლიტიკურ უფლებებს, სოციალურს, კულტურულს, ყველა იმ ძირითად მიმართულებას, სადაც ადამიანები ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ", - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.