5-09-2022
ეროვნული განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს მომდევნო წლებში ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი პროგრესისა და წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან-ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განსაზღვრული მიზნების მიღწევას და ამოცანების განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს ქვეყნის განვითარებისა და უწყებათაშორისი რეფორმების საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
„საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, „ საქართველოს განვითარების სტრატეგია- ხედვა 2023", რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. აღნიშნული სტრატეგია გრძელვადიან პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც მთავრობის ერთიან ხედვას წარმოადგენს და მდგრადი განვითარების ყველა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს. სტრატეგია ამტკიცებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკის წარმოების პრინციპებს. ის მოიცავს თითოეულ სექტორში არსებული სიტუაციის ანალიზს და ახდენს პრობლემების და მათი გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირებას. ასევე, დოკუმენტი განსაზღვრავს ამ პრობლემათა გადაჭრის მიზნით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს. სტრატეგიაში მოცემულია ლოგიკური ჩარჩო, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიის ხერხემალს და მისი განხორციელების მთავარ მატრიცას, სადაც ასევე წარმოდგენილია ინდიკატორები პროგრესის გასაზომად, როგორც შუალედური პერიოდის, ისე სამიზნე 2030 წლისთვის. გარდა ამისა, შემუშავებულია მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო. სტრატეგიაში განსაზღვრული მიზნების მიღწევას და ამოცანების განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს ქვეყნის განვითარებისა და უწყებათაშორისი რეფორმების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.
სტრატეგიის შესაბამისად, მთავრობა 2030 წლისთვის გაატარებს რეფორმებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის 2030 წლისთვის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის განვითარება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს და გაერო-ს 2030 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტებს. სტრატეგია სრულად შეესაბამება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგს და ასოცირების შეთანხმების პრინციპებს.
ეროვნული განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს მომდევნო წლებში ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი პროგრესისა და წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან", – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.