6-09-2022
პარლამენტმა საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრს, ლევან ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ლევან ვარშალომიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 26 მორიგი სხდომა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში კომიტეტმა მოიკვლია, რომ გაცდენის მიზეზები არასაპატიო იყო.პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე პლენარულ სხდომათა დარბაზში როგორც დეპუტატი, ნამყოფიც არ არის.
„ მიუხედავად ამისა, მან ხელფასის სახით, დაახლოებით 56 000 ლარი მიიღო. მას ეს პარლამენტისთვის უკან არ დაუბრუნებია. ის, რომ არცერთი წუთით არ მოსულა პარლამენტის შენობაში და, მეორე მხრივ, არც კი ჩათვალა საჭიროდ, რომ დაებრუნებინა ბიუჯეტისთვის აღნიშნული თანხა, მიზეზია იმისა, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელეთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ლევან ვარშალომიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" პარტიული სიით გადაეცა დეპუტატის მანდატი.