7-09-2022
ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხაზი გაესვა ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
„ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე ომზე, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთთან მასშტაბური ომი წარმოებდა. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი.
ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი შეფასება ამ საკითხთან მიმართებაში და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მადლობა მინდა უმაღლესო წარმომადგენელო გადაგიხადოთ საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ფასეულობების, იმ მიზნების მიმართ, რომელიც ერთად შევაჯერეთ ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.