7-09-2022
ვაჭრობის მიმართულებით წარმატება გვაქვს, ძალიან მიხარია რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა- ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობა ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით პრიორიტეტულია.
„გასული წლის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დაწინაურდა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კომუნიკაცია მოხდეს ძალიან მკაფიო ჩვენი თანამშრომლობის შესახებ. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელშიც 3,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება საჯარო და კერძო სექტორიდან მხოლოდ საქართველოში. საინვესტიციო კლიმატის მიმართულებით ამ პოტენციალის ასათვისებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო. კოვიდის კრიზისის შემდეგ ეს მუშაობა გააქტიურდება, გარკვეული გამოწვევები იქნება დაძლეული, განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობის, ვთქვათ, ევროკავშირში მაძიებელთა მიმართულებით. ჩვენ შევეცდებით გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვაჭრობას, წარმატება ვიხილეთ. ძალიან მახარებს, რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, იმიტომ, რომ ჩვენი შეთანხმება იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებში მოხდება ჩვენი თანამშრომლობის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება და ათვისება. დაკავშირებადობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის - იქნება ეს ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით, აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოებების დასაახლოებლად. დასკვნის სახით მინდა დავადასტურო: ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს დავეხმაროთ იმ 12 პრიორიტეტის განხორციელებაში, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაზრდაში, რათა სარგებელი მოუტანოს ამან ყველაფერმა საქართველოს მოსახლეობას. ყოველთვის გექნებათ ჩემი პირადი დახმარების საფუძველი და მიზეზი",- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.