გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება

12-09-2022

მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე  -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო.
 
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებდნენ.
 
„მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე.


პირველი - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ  ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით.


წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით  ნაკლებ ვალს. ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები  უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი.


საბოლოო ჯამში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს პროგნოზი და ტენდენციები გაგრძელდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ. ამის თაობაზე მინდოდა რომ მომეწოდებინა ინფორმაცია, ანგარიში ჩამებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონი ფინანსთა მინისტრი არის მზად, რომ ამის თაობაზე დეტალურად ისაუბროს მედიასთანაც, პარლამენტში გვექნება ამის თაობაზე საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ეფექტიანი მუშაობისთვის",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.