გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელმა ჭადრაკის ფედერაციის ტრენერებს სკოლებში ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადასცა

14-09-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა,  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, სკოლებში ჭადრაკის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელებით დააჯილდოვა ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებული ტრენერთა ჯგუფი. ტრენერებმა პირველკლასელებისთვის ჭადრაკის შესწავლის მიზნით, 4000-მდე პედაგოგი ზაფხულის განმავლობაში გადაამზადეს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის გამარჯვებულმა და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა.

მიხეილ ჩხენკელმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ტრენერებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და ადრეული ასაკიდან ბავშვებისთვის ჭადრაკის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, მათ შორის, ყურადღებას, კონცენტრირებას, მეხსიერებასა და ანალიზის, ლოგიკისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობებს. ჭადრაკი ასევე ეხმარება ადამიანს, შემოქმედებითად იფიქროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პრობლემების გადაჭრისას.

 

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა, ზაფხულის განმავლობაში  სკოლის 4000-მდე პედაგოგი გადაამზადეს, რაც ნამდვილად თავდაუზოგავი შრომის თვალსაჩინო მაგალითია.

 

მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ გია გიორგაძეს და თითოეულ ტრენერს, რომლებმაც ამ პროექტში მიიღეს მონაწილეობა. გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც დღეს ჩვენს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ექნებათ ჭადრაკის შესწავლის შესაძლებლობა. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჭადრაკის ქართველ ლეგენდას, ქალბატონ ნანა იოსელიანს.

 

2022-2023 სასწავლო  წლის დაწყებამდე მასწავლებელთა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით სამ ეტაპად განხორციელდა. ამ მიზნით საქართველოს ჭადრაკის ეროვნულმა ფედერაციამ საერთაშორისო დიდოსტატებით და ოსტატებით დააკომპლექტა ტრენერთა ჯგუფი, რომლებმაც პედაგოგებს შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარეს.

 

ჭადრაკში გადამზადება ძირითადად დაწყებითი კლასების პედაგოგებმა გაიარეს. თუმცა, პროცესში ჩართულები იყვნენ მათემატიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სპორტის, ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგები. შესაბამისი სიგელები გადამზადებულ პედაგოგებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. სამინისტრომ, ტრენინგების პარალელურად, უზრუნველყო შესაბამისი სასწავლო რესურსის მომზადება.