გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით კლდიაშვილი - ეთიკური სტანდარტით დაუშვებელია, ჟურნალისტი იყოს დისკრიმინაციის წყარო

28-11-2017

ქუთაისი ბოლო დღეებში ამ ცნებების და ცხადი თუ ბუნდოვანი ტერმინების დაპირისპირების ადგილად იქცა. რამაც გაააქტიურა დისკუსიები თემებზე: მაინც რას უპირისპირდება „ქრთული“ ფაშიზმი? გააჩნია თუ არა ნას რაიმე „თავისებურება“ ? სად შეიძლება იყოს მიჯნა სიძლვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?
ეს საკითხები გახდა ჩვენი საუბრის თემა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანთან დავით კლდიაშვილთან.

ქართულ ფაშიზმს თუ გააჩნია რაიმე "ეროვნული" თავისებურება?

- ფაშიზმს თითქმის ყველგან ერთი და იგივე ნიშნები აქვს, მისი ძირითადი შემადგენელია ფობიის სხვადასხვა სახეები - მაგალითად, ქსენოფობია, სიძულვილი განსხვავებულის მიმართ. ჩემი პირადი დაკვირვებით ქართულ ფაშიზმს განსაკუთრებული თავისებურება არ გააჩნია თუკი ამაში არ ვიგულისხმებთ კონკრეტულ ტერმინებს, ან ობიექტებს, რომელთა მიმართაც არის ფაშისტური განწყობები. მაგალითად, საქართველოში ჭარბობს არმენოფობია და თურქოფობია, პარალელურად გარკვეული ჯგუფების აგრესია მიმართულია დასავლეთისკენ, რომელიც ემუქრება "ქართველობას", ამას კი განაპირობებს პოლიტიკურ-სოციალური ისტორია და ის მიზნები რაც აქვთ ფაშისტურ ჯგუფებს, ან იმ გარე ძალებს რომლებიც ხელს უწყობენ ფაშიზმის გაღვივებას. ამასთან ყურადსაღებია იმ ქვეყნებში არსებული "ფაშიზმის" თავისებურებები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ დააღწიეს თავი საბჭოთა მემკვიდრეობას, ასეთ ქვეყნებში ფაშიზმის წასახალისებლად გვხდება ერთი და იგივე ტერმინები, ყალბი ინფორმაციები და ა.შ.

- ფაშიზმი და სიძულვილის ენა შორს არ დგანან... სიძულვილის ენის გამოყენების შეზღუდვა-შემცირების კუთხით ბოლო წლებში რამდენად შეინიშნება პროგრესი - ეხება ეს მედიას, პოლიტიკოსებს თუ საზოგადოებას?



- პროგრესი ცალსახად შეინიშნება, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ მდგომარეობისაგან, სადაც საზოგადოების წევრების უმეტესობას შორის იქნება კონსესუსი იმის შესახებ, რომ სიძულვილის ენა მიუღებელია. პროგრესი რამდენიმე მიზეზის გამო შეინიშნება, თავდაპირველად საჭიროა აღვნიშნოთ, რომ თავად საზოგადოების წევრებს შორის მაღლდება ცნობიერება იმის შესახებ, რომ სიძულვილის ენა არ არის თავსებადი ლიბერალური დემოკრატიისათვის, როგორი ქვეყნის მშენებლობაც ჩვენ გვსურს. ცალკე გამოყოფას იმსახურებს არასამთავრობო სექტორი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებს მედიაში და პოლიტიკაში სიძულვილის ენის გამოყენებაზე, მაგალითად, საქართველოს ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის მიერ საჩივრების განხილვა ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს, რათა შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებას. რა თქმა უნდა, როგორც მედიაში, ისე პოლიტიკოსებს შორის ისევ რჩებიან პირები, რომლებსაც არავითარი მგრძნობელობა არ გააჩნიათ სიძულვილის ენის მიმართ, პირიქით, ხელს უწყობენ მის გაღვივებას, ასეთ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობას იძენს საზოგადოების დამოკიდებულება, რამდენად მოთხოვნადი იქნება მსგავსი ჟურნალისტიკა თუ პოლიტიკოსები.

- მაინც სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის?

- ბოლო დროს პოპულარული გახდა დისკუსიები ზუსტად ამ მიჯნის გავლების მცდელობაზე. ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება რა სტანდარტები გვაქვს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ზოგადად რომ ვთქვათ, არსებობს ორი სტანდარტი - ევროპული და ამერიკული.

ევროპის რიგ ქვეყნებში კანონმდებლობის დონეზე კრიმინალიზებულია სიძულვილის ენა. თუმცა, რამდენად ქმედითია ეს აკრძალვა, ეს სხვა საკითხია. ანუ მიუხედავად აკრძალვის ფორმალურად არსებობისა, მისი ქმედითი გამოყენება არ ხდება. ამერიკული სტანდარტი სიძულვილის ენას გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აქცევს და მას იცავს. საქართველოში სწორედ გამოხატვის თავისუფლების ამერიკული სტანდარტი მოქმედებს კანონმდებლობის დონეზე და შესაბამისად, სამართლებრივი ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას და სიძულვილის ენას შორის არ არსებობს.

აქვე აღსანიშნავია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თუ გამოხატვა, მოწოდება, რომელიც ქმნის მყისიერ და ცხად საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებას. იგივე მიდგომა აქვს ამერიკის უზენაესს სასამართლოსაც.

ჩემი პირადი სიმპათია ამერიკული სტანდარტისკენ იხრება. სიძულვილის ენის გამოყენების საბაბით სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის იძულებითი მექანიზმის გამოყენების უფლება. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია აბსოლუტურად სხვა საშუალებებით და არა იმით, რომ სადამსჯელო ღონისძიებები გამოვიყენოთ, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ სადამსჯელო ღონისძიებები ბერკეტად იქცეს ხელისუფლების ხელში გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ ვართ ძალიან მყიფე დემოკრატია. თვალს თუ გადავავლებთ ჩვენს სამეზობლოში რა ხდება ასეთ სურათს დავინახავთ: ყველგან სადაც სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია, ძირითადად გამოიყენება იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ავრცელებენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ გამონათქვამებს და მოსაზრებებს. სიძულვილის ენის კრიმინალიზება დიდი ცდუნებაა ხელისუფლების ხელში, ჩაახშოს კრიტიკული აზრი.
ისევ დავუბრუნდები პრობლემას - როგორ ვებრძოლოთ სიძულვილის ენას, ყველაზე ეფექტური გზაა საზოგადოების დამოკიდებულებაა, საზოგადოების, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება სიძულვილის ენა პოლიტიკოსებისაგან ან ჟურნალისტებისგან, მაგრამ ამასთან არ უნდა დავუშვათ რომ სიძულვილის ენა, როგორც გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს.

"შარლი ებდოს" შემთხვევა, ალბათ, გახსოვთ, თავად "შარლი ებდო" ხშირად იყენებდა სიძულვილის ენას და შესაბამისად, ჟურნალის ტირაჟი იყო ძალიან დაბალი, საფრანგეთის მაცხოვრებლები არ ყიდულობდნენ ისეთ გამოცემას, სადაც ხდებოდა სიძულვილის ენის ტირაჟირება, მაგრამ როგორც კი საფრთხე დაემუქრა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, სიძულვილის ენის გამავრცელებელ გამოცემას, საფრანგეთმა მხარი დაუჭირა მას.

- ქუთაისში მოსწავლე დაითხოვეს მედიასკოლიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამით პრეცედენტი შეიქმნა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პრეცედენტების არსებობა?

- თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ არ შევაფასებ იმ ფორმას, რომლითაც მოხდა შეტყობინება მედიასკოლიდან სტუდენტის გაშვებასთან დაკავშირებით. ზოგადად ფაქტს კი სრულად ლოგიკურად მივიჩნევ. - შეეძლო თუ არა კერძო დაწესებულებას შეეწყვიტა ურთიერთობა მსგავსი საფუძვლით?! ცალსახად შეიძლება ითქვას რომ - შეეძლო, რადგან ამ სკოლის დეკლარირებულ ღირებულებას წარმოადგენს მედიის ეთიკური სტანდარტები, რომლის თანახმად ჟურნალისტისთვის დაუშვებელია არა თუ თავად იყოს დისკრიმინაციის წყარო, არამედ მას აქვს პოზიტიური ვალდებულება ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციის წახალისებას. როდესაც ორგანიზაციას აქვს მსგავსი მიზნები, მას აქვს უფლება ურთიერთობა შეწყვიტოს იმ პირთან, რომელიც არა მარტო დისკრიმინაციის წახალისებას უწყობს ხელს, არამედ თავად გვევლინება დისკრიმინაციის წყაროდ.


წყარო: "ქუთაისიპოსტი"