18-09-2022
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213.3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 13.4 პროცენტით);
⦁ მშენებლობა - 2 177.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.5 პროცენტით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 026.4 ლარი (გაიზარდა 16.6 პროცენტით).
2022 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162.8 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 268.5 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის ცნობითვე, 2022 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 236.2 ლარით (17.0%) გაიზარდა და 1 625.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 209.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 45.3 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 631.0 ლარი, გაიზარდა 38.6 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
2022 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 170.2 ლარით (13.9%) გაიზარდა და 1 396.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.