20-06-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლების, ფერსა-მუგარეთის და გიორგიწმინდას მექანიკური სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე ობიექტზე მოეწყო წყლის სატუმბი სადგურები და შესაბამისი ელექტრო დანადგარებით აღიჭურვა, დამონტაჟდა ჭები და მილხიდები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფრომაციით, არხების დაზიანებული მონაკვეთების ნაცვლად ახალი ნაწილები მოეწყო. ის მონაკვეთები კი, რომლებიც დემონტაჟს არ საჭიროებდა და დაგროვილი შლამის გამო წყალს სათანადოდ ვერ ატარებდა, გაიწმინდა და მოწესრიგდა.
ფერსა-მუგარეთისა და გიორგიწმინდას სარწყავ სისტემებზე მიმდინარე სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტში დამატებით 222 ჰექტარ მიწის ფართობს მორწყავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რაც ჯამში რეგიონის 1 315 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.