22-09-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობისა და განხილვის მიზნით, გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრები ადგილობრივი სათემო/არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარდა.
„საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა და ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტყის კოდექსს, გამოწვევებსა და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობას რეგიონში. ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისა და ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია ,ტყის მდგრადი მართვის პროცესში საზოგადოების შესაძლო სარგებლის გაცნობა და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრები საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად პროექტი მიზნად ისახავს ენერგო ეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას, ტყესთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების მეშვეობით. პროექტი საქართველოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი) მოიცავს. პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.