28-09-2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა. ცვლილებები შეეხება ხმაურის რეგულირების საკითხსაც. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ერთი მხრივ, მთვარობის დადგენილებით განისაზღვრება ხმაურის დასაშვები დონე და მეორე მხრივ, ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულებს 10 ქულა დააკლდება.
„ვინაიდან ეს წესი მოითხოვს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებებს, გთავაზობთ ახალი ნორმა ძალაში შევიდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან, იმისთვის, რომ მთავრობამ ავტომანქანებისთვის დაადგინოს ხმაურის დონე და მისი შემოწმების წესი გაიწეროს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ცვლილება შეეხება ე.წ. დრიფტების აკრძალვას. კერძოდ, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და 30 ქულის დაკლებას მართვი მოწმობის ქულებზე. თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმის ოდენობა იქნება 500 ლარი.
კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება. კერძოდ, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით 50-ის ნაცვლად, ხოლო ციმციმა სიგნალების გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა. კანონპროექტების ინიციატორია საქართველოს მთავრობა.