27-06-2018
წნორში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, მამაკაცი მასთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, საიდანაც შემდეგ გაუჩინარდა.
"სათევზაოდ დავდიოდით ყოველ დილა. ალაზანზე ვიყავით. მეუღლემ მითხრა, მეორე ნაპირზე გადავალო. მას შემდეგ გაუჩინარდა. ძებნა დავიწყე, მაშველები გამოვიძახეთ. მალევე იპოვეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო", - განაცხადა ტატიანა მელნიკოვამ.
გარდაცვლილის ძმის, ზურაბ დავითაშვილის თქმით კი, ცხედარს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება, სწორედ ამიტომ დავითაშვილი ფიქრობს, რომ მისი ძმა განზრახ მოკლეს. მისივე თქმით, მის ძმას ტბის მეპატროესთან კონფლიქტი ჰქონდა. მეპატრონე მას თევზის მოპარვაში ადანაშაულებდა და შესაძლოა, სწორედ ეს გარემოება გამხდარიყო მისი მოკვლის მიზეზი.
"ჩემი ძმა არის მოკლული. მას თავის უკანა მხარე ბლაგვი საგნით აქვს გახეთქილი. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ტბაზე ვითომ თევზი იკარგებოდა. ვიღაც თათარს ტბის პატრონთან თევზის დაკარგვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიჰქონდა, რის გამოც მეპატრონე ჩემს ძმას თევზის მოპარვაში ადანაშაულებდა. ორი კვირის წინათ კი ტბაზე ერთმანეთს შეხვდნენ და ძალიან იკამათეს"-განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.
ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს