26-10-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული KIUInnovate-ის პირველი ბიზნეს ფორუმი გახსნა.
მიხეილ ჩხენკელმა ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების საქმეში განათლების სისტემის მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
მიხეილ ჩხენკელი: „მაქვს პატივი მოგმართოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პირველ ბიზნეს ფორუმზე, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტების მესამე მისიას.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ესოდენ პრესტიჟული და მასშტაბური ფორუმი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი მეგა-პროექტი რეალობად იქცა და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, ევროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტში ვუმასპინძლოთ წამყვან მეცნიერებს, გამოჩენილ მკვლევრებს, განათლების ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებს მთელი მსოფლიოდან.
თანამედროვე ეპოქაში უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა წარმოადგენს, რასაც ბოლო წლებში განხორციელებული ყოვლისმომცველი რეფორმები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ცხადყოფს.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას და სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას.
ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო გახდეს მეცნიერების, კვლევისა და განათლების რეგიონული ჰაბი, სადაც გამოჩენილ მკვლევრებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ შესაძლებლობა, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელონ საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევები. ამ მიმართულებით უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება, რაც, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანია, გახდეს საქართველოს პირველი სამეწარმეო უნივერსიტეტი – აღსანიშნავია, რომ უკვე შექმნილია საერთაშორისო ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის განვითარებას მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ და წამყვან მეცნიერებთან ერთად ვიყო ამ უმნიშვნელოვანესი საბჭოს წევრი.
მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯები იდგმება. მათ შორის, გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა და ფართოვდება გრძელვადიანი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევების პროგრამები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) დაიწყო ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) განხორციელება, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას.
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მოდერნიზება და ინტერნაციონალიზაცია (STI) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შექმნის, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2016 წლიდან საქართველოს ჩართულობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების მე-8 ჩარჩო პროგრამაში „HORIZON 2020“.
მოგეხსენებათ, რომ 2021 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, HorizonEurope-ის წევრი გახდა, რაც ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის ჩვენს მეცნიერებს, ინოვატორებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.
ჩვენი მიზანია, მეცნიერების მნიშვნელობისა და სამეცნიერო კვლევების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების გზით, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი რეფორმის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. შედეგად, ქვეყანაში გვექნება არაერთი ახალი ტექნოლოგიური სივრცე და ინოვაციური ცენტრი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაიუმჯობესონ მეწარმეობის უნარები და გაიღრმაონ ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ და ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში ნამდვილად ფასდაუდებელია.
მჯერა, KIUInnovate-ის ბიზნეს ფორუმი იქნება უნიკალური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებასა და სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას.“
KIUInnovate-ის პირველ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, მსოფლიოში ცნობილმა წამყვანმა მეცნიერმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ინდუსტრიის ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა.
KIUInnovate-ის ბიზნეს ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამასა (UCBP) და TUM International-თან პარტნიორობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. ფორუმის ჩატარების მიზანს უნივერსიტეტში მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენდა.