29-06-2018
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის საკუთრებაში მხოლოდ ერთი 42 000 ამერიკულ დოლარად შეძენილი ბინაა, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე. ბინის ფართობი 73,9 კვ.მეტრია. მისი მეუღლის, მირანდა მაჭავარიანის ქონებას კი ამავე ქუჩაზე მდებარე 137,7 კვ.მეტრი ფართობის მქონე ბინა შეადგენს, რომლის შესაძენადაც მან, გასულ წელს, 56 000 დოლარი გადაიხადა. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოძრავ ქონებაში შედის 2012 წელს შეძენილი BMW X5 (გამოშვების წელი 2004), რომელშიც 15 000 ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი. დეკლარაციის თანახმად, მირიან ქათამაძე, გასული წლის პირველი იანვრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით გახლდათ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. ამ პერიოდში მისმა შემოსავალმა 28 112 ლარი შეადგინა. ამავე ხანებში ის გახლდათ სსიპ ბათუმის შოთარუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მისმა შემოსავალმა 6 840ლარი შეადგინა. მირიან ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერად გასული წლის 12 ნოემბერს დაინიშნა. მისმა შემოსავალმა 31 დეკემბრამდე 4 290 ლარი შეადგინა.