17-11-2022
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ფისკალური რეფორმაა ბოლო პერიოდში. რეფორმის ძირითადი მიზანია სახელმწიფო საწარმოები გახდნენ ფინანსურად მდგრადი, მომგებიანი და შეეძლოთ საკუთარი საჭიროებების დაფინანსება ბიუჯეტის მხარდაჭერის გარეშე, და პირიქით, დივიდენდებს იხდიდნენ ბიუჯეტში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განვლილ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. გამოვლინდა ის საწარმოები, რომელთაც აქვთ კორპორატიზაციის პოტენციალი; დამტკიცდა კორპორაციული მართვის კოდექსი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დაინიშნა პროფესიული ნიშნით შერჩეული დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო; მომზადდა რეფორმის სტრატეგია; ფინანსთა სამინისტრო განისაზღვრა შერჩეული საწარმოების ფინანსურ ზედამხედველად, რაც იმას ნიშნავს რომ საწარმოების მართვის პროცესში, დარგობრივთან ერთად გაძლიერდება ფინანსური მართვის შესაძლებლობა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, უახლოეს კვირებში დამტკიცდება რეფორმის სტრატეგია და აგრეთვე, შემუშავდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები. პარალელურად აქტიურად გაგრძელდება რეფორმის პროცესი საპილოტე საწარმოებში: ელექტროსისტემა, საქართველოს რკინიგზა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აეროპორტების გაერთიანება.