გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელმა გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები დააჯილდოვა

18-11-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პროფესორებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საპატიო ჯილდოები გადასცა.

 

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ყოველთვის ძალიან სასიხარულოა მშობლიურ უნივერსიტეტში, ჩემს ალმა-მატერში მოსვლა. განსაკუთრებით კი დღეს, როცა ნამდვილად გამორჩეული მიზეზით შევიკრიბეთ – როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ მეცნიერების საერთაშორისო დღე და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ წარდგენილ ღვაწლმოსილ მეცნიერებს, განსაკუთრებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საპატიო ჯილდოებს გადავცემთ. 

 

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილ მეცნიერებთან ერთად, დღეს აქ, ჩვენ გვერდით სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები დგანან, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საამაყოა, რომ ვაგრძელებთ ტრადიციას, რომელიც ქართველი მეცნიერების დაფასებასა და ახალგაზრდებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას ემსახურება.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მეცნიერების მთავარი კერა გახლავთ, სადაც აღიზარდა ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა, რომლებმაც ჩვენ ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. რასაკვირველია, აღნიშნული ტრადიცია გრძელდება და დღესაც ფასდაუდებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი  მეცნიერების განვითარების საქმეში.

 

ჩვენი მშობლიური უნივერსიტეტი განსაკუთრებულია, რადგან აქ სტუდენტები ყოველთვის იყვნენ აქტიურად ჩართულნი სამეცნიერო-კვლევით პროცესებში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ტრადიციაა, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მე,  ჩემი საყვარელი, მშობლიური უნივერსიტეტის, ქართველი მეცნიერების, თითოეული თქვენგანის  გვერდით ვართ და ყოველთვის მხარს დაგიჭერთ თქვენი მიზნებისა და ინიციატივების განხორციელების საქმეში.“

 

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო ფაკულტეტების მიერ ნომინირებულ 7 ღვაწლმოსილ მეცნიერს გადაეცა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლადო მინაშვილს; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, მერაბ გოგბერაშვილს; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, იოსებ სალუქვაძეს; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს,  თამარ ათანელიშვილს; იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს, ნუგზარ სურგულაძეს; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, მაია მესტვირიშვილს და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზურაბ ჩხაიძეს.

 

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია მეცნიერების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 2001 წლიდან UNESCO-ს ეგიდით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.