გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგიამ, „ფერმერის დღე 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია გახსნა

21-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, „ფერმერის დღე 2022“-ის  დაჯილდოების ცერემონია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

 

„ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა. სახელმწიფოს ექნება ახალი პროგრამები, ახალი ინიციატივები, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ძვირფასო ფერმერებო, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაუღალავი შრომისთვის. თქვენ ქმნით პროდუქტს და იმკვიდრებთ თავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მე პირადად, როგორც მინისტრი გპირდებით, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

ღონისძიებაზე წლის ფერმერები11 ნომინაციაში(წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი, გმირობის ნაყოფი) გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, დიპლომები გადაეცათ.

 

კონკურსში მონაწილე ფერმერები, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.

 

თითო ნომინაციაზე წარდგენილი 3 ნომინანტიდან გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა.

 

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ფერმერთა პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა.

 

ღონისძიება გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან პარტნიორობით გაიმართა.


ღონისძიებას, ფერმერებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი,  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერი ფერმერის დღედ 2015 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება.

 

ფერმერის დღის ფარგლებში, ქართული აგროპროდუქტის გამოფენა გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ (მე-6 პავილიონი) ტერიტორიაზე გაიმართა.