გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„თუ ეს ყველაფერი კარგია, რატომ, აქ, ამერიკაში, არაა დაშვებული?“-ინტერვიუ ამერიკაში მოღვაწე ქართველ მოძღვართან, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში ბინძური ცილისწამების მსხვერპლი გახდა

3-07-2018

დეკანოზი ალექსანდერე თანდილაშვილი-მოძღვარი,რომელმაც ამერიკის კონტინენტზე პირველი ქართული ტაძარი დაარსა და პირველმა აღავლინა ქართული წირვა-ლოცვა, რომელსაც დღეს უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს.
მოძღვარი, რომელმაც განუსაზღვრელი როლი შეასრულა სამშობლოს მიწა-წყალს მოშორებული უცხო მიწაზე მყოფი ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაში, რომელთა წინაშე იყო საშიშროება ეროვნული ხასიათის დაკარგვისა, სულიერი ღირებულებების, ტრადიციების დაკარგვისა.სწორედ ასეთი საშიშროებების თავიდან ასაცილებლად მამა ალექსანდრემ უდიდესი ღვაწლით, ნიუ-იორკში, მსოფლიოს მეგაპოლისში დაარსა პირველი ქართული ეკლესია,რომელიც წმ.ნინოს სახელს ატარებს და რომელიც გახსნიდან უკვე15 წელს ითვლის, არსებობიდან კი გაცილებით მეტს.
სასულიერო მოღვაწეობა მამა ალექსანდრემ ამერიკაში 90-იან წლებიდან, ამერიკულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწყო. 
ქართული დიასპორისადმი მისი მსახურებაც ამ დროიდან იწყება. ნათლავდა ბავშვებს, ასრულებდა ჯვრისწერის საიდუმლოს და ა.შ.
მამა ალექსანდრეს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკაში მოქმედი სხვა ქართული ეკლესიების არსებობაში. განსაკუთრებით დიდია მისი როლი დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მონასტრის დაარსებაში პენსილვანიის შტატში-პოკონოში. ის მსახურებას ასრულებდა აგრეთვე კანადაში,ხვდებოდა ქართველ მრევლს,იხდიდა მათთვის პარაკლისებს და ქადაგებდა. 
ერთხელ პირად საუბარში თქვა, „საქართველოზე ფიქრით ბევრჯერ გამღვიძებია და თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგიაო“.
ბოლო დღეებში კი მამა ალექსანდრე სოციალურ ქსელში გაუგონარი ცილისწამების მსხვერპლი გახდა.
ჩვენი საუბრის თემაც და მიზეზიც სწორედ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები და მის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული ცილისწამება გახდა.
-საუბარი ცოტა შორიდან, ამერიკაში თქვენი მოღვაწეობის დაწყების პერიოდიდან დავიწყოთ, რაც ალბათ უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული...
-სირთულეები რა თქმა უნდა იყო, რადგან სასულიერო მოღვაწეობის დაწყება აქ ორჯერ უფრო რთულია. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში როცა მოძღვარი ხარ ეკლესიის პრობლემა არა გაქვს, ხარ რომელიმე ეკლესიაზე მიმაგრებული და ყოველთვიურად არ გიწევს ზრუნვა და ნერვიულობა-ქირა როგორ გადაიხადო. საქართველოში ეკლესიები საპატრიარქოს ეკუთვნის და არავინ წაგართმევს. მაგრამ აქ? აქ გაცილებით რთულია, ყველაფერზე გადასახადია დაწესებული და თუ არ გადაიხდი ვინ გაგაჩერებს? შენობის აღებაც არ არის ადვილი,ბიზნესისათვის უფრო ადვილია ქირაობა, ვიდრე ეკლესიისათვის. გამქირავებელს არ უნდა შენობაში ეკლესია ჰქონდეს, ვინაიდან ხალხი იმოძრავებს, ხმაურს გამოიწვევენ, მეზობლები იჩივლებენ და სხვა. პირველად ვილიამსბურგში ავიღეთ ეკლესიისთვის შენობა. კარგი ადგილი იყო. ერთი ოთახი გვქონდა ნაქირავები მაგრამ მთელ შენობას ვიყენებდით. ამაში დიდი დახმარება მიუძღვის კათოლიკე მამა რიჩარდს, რომელიც იქ მსახურობდა. ინტელიგენტი, განათლებული და ზრდილობიანი კაცი იყო. ყველანაირად გვეხმარებოდა და მხარში გვედგა. სხვა არც გაგვაჩერებდა, რადგან მოგეხსენებათ ჩვენი, ქართველების ამბავი-ხმაურს არ ვაკლებდით. ვილიამსბურგში მისვლამდე მეორე ქუჩაზე საკათედრო ტაძარში გვქონდა კუთხე და იქ ვატარებდით მსახურებას 10-12 წლის განმავლობაში.თქვენ ალბათ შემეკითხებით-12 წლის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხეთ ქართული ეკლესიის გახსნაო? მაშინ არ იყო ბევრი ქართველობა,უამრავი პრობლემები იყო. ხან მგალობელი არ მყავდა, ხან მედავითნე, მრევლიც ვერ ახერხებდა მოსვლას. მახსოვს პირველად 25 კაცი მოდიოდა.ზოგჯერ კი 2-3 ადამიანი იდგა წირვაზე. მიუხედავად ამისა წირვა-ლოცვის ჩატარება არ შეგვიწყვეტია. ნელ-ნელა მოიმატეს ქართველებმა რიცხობრივად და 2002 წლის გიორგობის დღესასწაულზე 80-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ უნდა გვეფიქრა ქართული ეკლესიის გახსნაზე. ეს, როგორც გითხარით ადვილი არ აღმოჩნდა. ხალხმა კი მოიმატა, მაგრამ მარტო ხალხი ხომ არ არის მთავარი? შემოწირულობა თუ არ იქნებოდა, ეკლესიის არსებობა შეუძლებელი იყო. იქ იჯარაა გადასახდელი,იქ კომუნალურები, ყველაფერი ფინანსებთან მიდიოდა, მაგრამ მადლობა უფალს, მრევლთან ერთად ყველაფერი შევძელით. თავიდან ხალხი პესიმისტურად განეწყო ქართული ეკლესიის გახსნის შესახებ. ისინიც კი, ვინც საქართველოში ყოფნის დროს მაზიარებლები იყვნენ, წინააღმდეგი იყვნენ ქართული ეკლესიის გახსნის.
-რატომ, მიზეზი რა იყო?
-მიზეზი იყო ის,რომ ამბობდნენ აქ დიდი ხნით დარჩენას არ ვაპირებთო, ჯობია ნაქირავებში ვიაროთო და თანხას თუ შევაგროვებთ საქართველოში გავაგზავნოთო. ეს ცუდი აზრი არ იყო. ვისარგებლებ და აქვე გეტყვით -ჩვენი ეკლესია ქველმოქმედებას 25 წელია ეწევა $50 000-მდე გვაქვს გაგზავნილი საქართველოში დახმარების სახით მონასტრებისათვის, კერძო პირებისათვის. ვის მედიკამენტების ფული არ ჰქონდა, ვის მკურნალობისა და ოპერაციის, ვინ მრავალშვილიანი იყო და მიუსაფარი. დღემდე ვეხმარებით როგორც თანხით ისე ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებითაც კი. ზაფხულობით საქართველოში ჩემ ჩასვლას ვამთხვევთ და ჰუმანიტარულ აქციებს ვმართავთ,რომლის შესახებაც ინფორმაციები იბეჭდება საქართველოს გაზეთებში და ინტერნეტგამოცემებში. ქველმოქმედებით ისე გაიცნო ჩვენი ეკლესია ხალხმა,რომ პირადში მთხოვენ ადამიანები დახმარებას. ამ ბოლოს უნარშეზღუდულ ახალგაზრდა კაცს დავეხმარეთ გადაადგილებაში საჭირო ეტლის შეძენაში. სექტემბრში ჩავდივარ საქართველოში და მაგ დროისათვის ვგეგმავთ ჰუმანიტარული აქციის ჩატარებას-მიუსაფარ ბავშვთა სახლს დავეხმარებით, რომელსაც უკვე გავუწიეთ დახმარება რამდენჯერმე. აქაც ბევრი იყო გაჭირვებული ვისაც გვერდში დავუდექით: უმუშევარი, ქუჩაში დარჩენილი ქართველი...
დავუბრუნდეთ ეკლესიის გახსნას, როგორც გითხარით იყვნენ მოწინააღმდეგეები ქართული ეკლესიის გახსნისა, არ უყურებდნენ სერიოზულად და ვერ წარმოედგინათ, რომ ნიუ-იორკში შესაძლებელი იყო ქართული ეკლესიის გახსნა. თუმცა, რა თქმა უნდა გვყავდა თანამოაზრეებიც. ღვთის წყალობით ყველა პრობლემა გადავლახეთ და გავხსენით. გახსნის შემდეგ კი ყველა გახარებული იყო. ხალხმა მოიმატა, უკვე წირვაზე 120-130 კაცი მოდიოდა. როდესაც გასახსნელად ფულს ვაგროვებდით, ვილიამსბურგში ყოფნისას ექვსი წლის განმავლობაში შევაგროვეთ $350 000, რაც რეკორდული მიღწევა იყო. ყველაფერს ვაკეთებდით ამისათვის. 
შემდეგ შევიძინეთ ეკლესიის სენობა ,,სტეიტენ აილენდზე’’, დიდი შენობა და გავარემონტეთ, რასაც ორი წელი დასჭირდა. ქალაქის მუნიციპალიტეტი რომ არ ყოფილიყო ჩარეული, ამდენი დრო არ დასჭირდებოდა. ყველაფერი ცალ-ცალკე დაგვიმტკიცა ქალაქმა, სპეციალურად გვიჭიანურებდა დროს. დრო ხომ ფული იყო და ორი წელიც იმიტომ დაგვჭირდა, ყოველთვიური გადასახადი 5000 იყო, დაზღვევის გადასახადი და კომუნალურებიც. საერთო ჯამში დიდი თანხა იყო, ქალაქს კიდევ ჩვენი გადასახადები და ჩვენი პრობლემები არ აინტერესებდა.
ასეთნაირად მოხდა ქართული ეკლესიის გახსნა ნიუ-იორკში.
-ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ცილისმწამებლური დეზინფორმაცია თქვენს შესახებ, რომლის თანახმადაც, თითქოს თქვენ იყავით შიო მენაბდე და თქვენი შვილი ხორავას ქუჩის ტრაგედიაში ფიგურირებდა. ფოტოზე, რომელიც გავრცელდა შიო მენაბდის ნაცვლად თქვენ ხართ წარმოდგენილი, თანაც „ოცნების“ ლოგოიან ტორტთან ერთად....
-რა თქმა უნდა ეს ფოტო ცუდ კონტექსტში გამოიყენეს. არავითარ შემთხვევაში არა ვარ არც ოცნებისა და არც სხვა რომელიმე პარტიის მხარდამჭერი. როცა ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 90 %-ს გაუხარდა და მეც მათ შორის.
ტორტს რაც შეეხება რესტორანში ვიყავით ნათლობის შემდეგ. იმავე რესტორანში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზეიმობდნენ „ოცნების“ გამარჯვებას. თქვენ იცით, რომ აქ ყველა მიცნობს დიდიც და პატარაც. დამიძახეს და შემთავაზეს,რომ მე გამეჭრა ტორტი. ცივი უარი ვუთხარი, ვუთხარი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. იქ იყვნენ შეზარხოშებული ადამიანები, რომლებიც არ მომეშვნენ, შემომეხვივნენ და მეც ანგარიში გავუწიე. თუმცა არ ვნანობ, რომ ტორტი გავჭერი, რადგან არაფერი დამიშავებია. ტორტის გაჭრა არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების მხარდამჭერი ვარ, ან სხვა პარტიისა. მე ვარ მხარდამჭერი უფლის მოძღვრებისა და ყველა იმ ადამიანისა, ვისაც საქართველოსათვის კარგის და კეთილის გაკეთება უნდა. უბრალოდ ბოროტმა ადამიანებმა ცუდად გამოიყენეს ეს. დღეს ყველა ნორმალურ ადამიანს ლანძღავენ და ათასნაირ სიბინძურესა და სიცრუეს იძახიან და რა გასაკვირია, რომ ჩემზე ცუდი თქვან? ისედაც არ მაკლებენ თქმას და ლაპარაკს, მუდმივად ტალახს მესვრიან და ისროლონ, მათთვისვე იქნება ეს ცუდი. მე ვინა ვარ და როგორ მიცხოვრია, ვინც მიცნობს ყველამ იცის. ვიმეორებ-არც მეოცნებეების მხარდამჭერი ვარ და არ ნაციონალების. რაც შეეხება ჩემს აქციაზე სიტყვით გამოსვლას და ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობას, აბსოლუტური სიცრუეა, ან საიდან მოიტანეს? მე ერთი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და ჩემი ბიჭიც რამდენიმე წელია არ ყოფილა. ჩემი მრევლის წევრები დაუკავშირდნენ საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებლებს და თხოვეს, სიმართლე დაეწერათ და ეთქვათ, რომ ფოტოზე მე ვიყავი და არა შიო მენაბდე. მათ უპასუხეს, ვიცით, რომ მამა ალექსანდრეა და არა შიო მენაბდე, მაგრამ ასე არის საჭიროო, რა გამოდის? იმასაც გეტყვით, რატომ გადამეკიდნენ ნაციონალები და მათი მხარდამჭერები. როგორც გითხარით, ორ წელზე მეტი დაგვჭირდა ყველაფერი რომ დაგვემთავრაბია და ეკლესია გაგვეხსნა. აღარ იყო თანხის საშუალება. ივანიშვილის ყურამდე მიაღწია ჩვენმა პრობლემებმა და რომ გაიგო ნიუ-იორკში ქართული ეკლესია იხსნებოდა $50,000 გადმოგვირიცხა. ეს გახდა მიზეზი იმისა,რომ ნაციონალები მტრად გადამკიდებოდნენ.
-საუბრის თემა შევცვალოთ... ვიცით, რომ ყველა დროს და ეპოქას თავისი ნიშნები, თავისებურებები და გამოწვევები გააჩნია. ამ მხრივ რა არის ჩვენი ეპოქის მთავარი თავისებურება და გამოწვევა, ან როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ?
-გამოწვევა უამრავია.მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენი სარწმუნოების წინაშე ილაშქრებენ ყველანაირი გზებითა და მეთოდებით. ქართველებისათვის უცხო იყო ეგრეთ წოდებული ლგბტ-ეები, უცხო იყო მათი უფლებების დაცვა. ეს ისეთი თემაა ორი-სამი სიტყვით ძნელია ჩამოყალიბება. გავიხსენოთ, რას გვიქადაგებდნენ კომუნისტები? დღეს რასაც გვიქადაგებენ ყველაფერ ამას გვიქადაგებდნენ-სამშობლო არ არის საჭირო ინტერნაციონალები უნდა ვიყოთო. ევროპარლამენტიც იგივეს გვკარნახობს-ეროვნულობა და სამშობლოს სიყვარული სანაგვეზეო.. სამწუხაროდ, მათ საქართველოშიც ჰყავთ მხარდამჭერები.უნდათ ჩაკლან ეროვნული ფასეულობები, გრძნობები, ღირებულებები და ინტერნაციონალიზმი დაამკვიდრონ. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამოასახლონ უამრავი ეროვნების ხალხი, ყველამ თავი იგრძნოს კარგად, რა საჭიროა სამშობლო გქონდეს, მათთვის მთავარია კარგად იცხოვრონ, თუნდაც სხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად. ამას ქადაგებდნენ კომუნისტები. ლენინმა სპეციალურად გააუქმებინა კანონი,რომელიც მამათმავლობას კრძალავდა, მადლობა ღმერთს ეს ყველაფერი კანონით ისევ აკრძალეს 1929წელს. მაშინ ეს პროექტი ასე თუ ისე ჩაუვარდათ. ეხლა კი ახალი ძალებით და ახალი მეთოდებით წამოწიეს წინ. დღეს ამის განხორციელება უფრო ადვილია,რადგან ხალხი ნაკლებად მორწმუნეა, ვიდრე 100 წლის წინათ. მიუხედავად ამისა მაშინაც ჰქონდათ წარმატება, რადგანაც ფული ეშმაკია. საქართველოში რაც ხდება აუტანელია, ყველა კანონი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიიღეს, ხალხზე კი არ ზრუნავენ, ლგბტ-ეებზე ზრუნავენ. უნდათ, რომ ისენი პრივილეგირებული გახადონ.ესაა ყველაზე დიდი გამოწვევა-რადგან ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. მიზეზი კი გახლავთ ქრისტიანობის საბოლოოდ აღმოფხვრა.
უამრავი უცხოელით გაავსეს საქართველო. ისეთ კანონებს იღებენ,რომელიც უცხოელებს საშუალებას აძლევს ჩამოვიდნენ საქართველოში და კარგად იცხოვრონ, ისენი ბინადრობის უფლებას $35,000-ად ყიდულობენ. მე ვიტყოდი, რომ ეს დიდი დანაშაულია. ჩამოდიან ირანელები, არაბები, ინდოელები, ჩინური კვარტლები გვაქვს უკვე. თუ ასე გაგრძელდა ქართველებისათვის დაკარგული იქნება საქართველო, ღმერთმა დაგვიფარის და ჩვენი აღარ იქნება, რადგან უმცირესობაში ვიქნებით და აღარაფერს არ შეგვეკითხებიან. ვიქნებით სიღატაკეში და ვიქნებით მათი მონები.
-ღამის კლუბებში რაც ხდება კარგად დავინახეთ კლუბი ,,ბასიანის’’-ის დახურვისას გამართულ საპროტესტო აქციებზე... როგორ აფასებთ მსგავს ფაქტებს?
-ყველამ ვიცით ვინ არის ეს ხალხი, როგორ და ვისგან ფინანსდებიან. ,,თეთრი ხმაურის’’ ლიდერმა, ვინმე წიქარიშვილმა ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, ჩვენ სოროსის ფონდი გვაფინანსებსო, რითაც ვეხმარებით ნარკომანებს, რომ საჭიროების დროს მათ უფასო იურიდიული მომსახურეობა გაუწიონო და სხვა. ყველაფერი, რაც ცუდია და ცუდი ხდება, როგორც ჩანს სოროსის ფონდიდან ფინანსდება.
-ყველაფერ იმის ფონზე, რაც ხდება საქართველოში, უმძიმესი სოციალური მდგომარეობიდან დაწყებული, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაში და ლგტბ-ებზე ზრუნვაშია კრიზისიდან გამოსვლის გზა?
-ვერ გეტყვით რისი პოვნა და მიღწევა უნდათ, იმას კი გეტყვით, რომ სადაც მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა სიკეთე არსად არ მოუტანია, პირიქით. მგონი კოლორადოს შტატში მოხდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ყოველი დღის ნიუსებში გადმოსცემდნენ, რომ 11%-ით მოიმატა საგზაო შემთხვევებმა. ან რომელ ქვეყანას მოუტანა სიკეთე, ჩვენ რომ მოგვიტანოს? ეს ყველაფერი კარგი თუ არის, რატომ აქ ამერიკაში არ არის დაშვებული?
- კარგი იქნება გვითხრათ რა განსხვავებას ხედავთ ამ კუთხით საქართველოსა და ამერიკას შორის?
-განსხვავება ძალიან დიდია, აქ (ამერიკაში) ვერ ვხედავთ, რომ პროტესტებს მართავდნენ ნარკომანები ან ლგტბ-ები. კი, იშვიათად ჩაუტარებიათ მიტინგები მამათმავლებს-რას ვიზამთ დემოკრატიული ქვეყანაა(იცინის), მაგრამ ეს ადამიანები აქ საქართველოსაგან განსხვავებით შეურაცხყოფას არავის აყენებენ და არც არავის აძალებენ ჩემნაირი იყავიო. არ მქონია შემთხვევა, ვინმე მოსულიყოს და ეთქვას რატომ არ ცნობ მამათმავლობასო. ნარკომომხმარებლები აქაც არიან, მაგრამ კანონი კრძალავს. თუ დაიჭერენ პასუხსაც აგებინებენ. საქართველოში მიშვებულია ეს საკითხი, რის გამოც ძალიან ბევრი გახდა ნარკომომხმარებელი.
სხვაგვარად ესმით თავისუფლება.საქართველოშიც და ბევრ სხვა ქვეყანაშიც. თავისუფლება არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას. ყველაფერში თავისუფლება ანარქიაა. ნებისმიერი რამ ავიღოთ. ყველაფერს თავისი კანონები აქვს, ადამიანსაც თავისი კანონები აქვს-ღმერთმა დაუწესა ადამიანს ცხოვრების კანონები. ამ კანონებს თუ იცავს,ის ჭეშმარითად იქნება თავისუფალი. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ გარყვნილები და ნარკომანები ვიყოთ, რომ კანონი არ კრძალავდეს ამას, არ კრძალავდეს ადამიანების შეურაცხყოფას. ასეთი არ არის თავისუფლება. როცა არჩევ ადამიანი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა-ესაა თავისუფლება... ავიღოთ მამათმავლობა-ეს ხომ აკრძალულია წმიდა წერილში. მარტო ქრისტიანული რელიგია კი არ კრძალავს, ნებისმიერი რელიგია კრძალავს. ყველა თვლის, რომ ეს ცუდია და დღეს ვინ დაადგინა, რომ ეს კარგია? ვინ დაადგინა, რომ ადამიანი ამაში თავისუფალი უნდა იყოს? ამაშია საქმე. ეს არ არის თავისუფლება, ეს თავისუფლების მოსპობა უფროა.
-მაშინ რაშია გამოსავალი?
-ღმერთშია გამოსავალი. ჩვენს შემთხვევაში კი ხალხის გამოფხიზლებაშია გამოსავალი. უნდა გამოფხიზლდეს ჩვენი ხალხი და ყველაფრს თავისი სახელი დაარქვას. შავზე უნდა თქვას, რომ შავია.ხალხის ერთად დგომაშია ძალა. ხალხი რომ გაერთიანდება, მთავრობასაც აიძულებს ქვეყნისათვის და ხალხისათვის სასარგებლო კანონები მიიღოს.
- და რა არის მიზეზი ხალხის ნიჰილიზმისა?
-წინა წყობის შეცვლამ არაფერი სასიკეთო არ მისცა ხალხს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდით. ეშმაკების ხელში აღმოჩნდა ქვეყანა. ხალხმაც იმედი დაკარგა იმისა, რომ აქტიურობა რამეს შეცვლის. შემდეგი მიზეზი კი სიღატაკეა. ადამიანები გადასული არიან ლუკმა როგორ იშოვონ და ოჯახები როგორ გამოკვებონ... ისიც მიზეზია, რომ არ არის გამოკვეთილი ლიდერი, ვისაც ხალხი ენდობა. ყველას ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. იცის ხალხმა, რომ ისინი ყალბი ლიდერები არიან. თუ გამოჩნდება ვინმე, რომელსაც ხალხი ირწმუნებს, მგონია,რომ მდგომარეობა შეიცვლება.
-დღეს აქტიურად ვსაუბრობთ სამეფო ან კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე, თქვენ რას ფიქრობთ, ემხრობით ამ იდეას?
-ვემხრობი! მეფეების დამსახურება იყო, რომ საქართველო დღემდე მოვიდა. მართალია იქ მინუსებიც იყო, შუღლი და სხვა-ყველას მეფობა უნდოდა, მაგრამ თავებს წირავდნენ მეფეები საქართველოსათვის. შვილებს და ოჯახებს წირავდნენ. კარგი იქნება ისეთი მეფე გვყავდეს,რომელსაც ხალხის ნდობა ექნებოდა. თუ ისიც მარიონეტი იქნება-უარეს მდგომარეობას მივიღებთ.
-როგორ ჩანს ამერიკიდან საქართველოს საგარეოპოლიტიკური მიმართულება?

-საგარეო პოლიტიკა ნამდვილად არის შესაცვლელი. კომუნისტებს იდეაში კომუნიზმი უნდა აეშენებინათ და ასე ატყუებდნენ ხალხს 70 წლის განმავლობაში. დღეს ევროკავშირითა და ნატოში გაწევრიანებით გვატყუებენ. არავინ შეგვიშვებს ევროკავშირში და რატომ: როდესაც მიიღეს რუმინეთი და ბულგარეთი, ძალიან ინანეს, ვინაიდან ღარიბი ქვეყნები მიიღეს და დიდი ძალისხმევა სჭირდებათ მათრომ დაეხმარონ. ისეთი ღარიბი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, არ სჭირდებათ ევროკავშირში. ან რატომ მიიღებენ, მაშინ როცა სთავაზობენ დირექტივებს ჩვენი მთავრობა კი უსიტყვოდ ახორციელებს.მათი კანონების მიხედვით მართავენ და რაღაში ჭირდებათ რომ მიიღონ? საქართველო რომ წელში გაიმართოს,ხალხმა რომ სული მოითქვას-ევროკავშირის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ნატოში შესვლას რაც შეეხება, შეიძლება ცუდი არ ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს არც ნატოში არავის ვჭირდებით. დიდ იმედებს ამყარებდნენ ასევე ასოცირების ხელშეკრულებაზე, მაგრამ რა... პოლონელ მოძღვართან მქონდა საუბარი-აქაურია და ასეთი რამ თქვა: პოლონეთში გლეხებს აკრძალული აქვთ ძროხის და ღორის ყოლაო. თუ გყავს და მთავრობამ გაიგო დაგაჯარიმებსო. წარმოიდგინეთ გლეხი ძროხას და ღორს რომ ვერ იყოლიებს. ვითომდა დაავადებების გავრცელების საბაბით აუკრძალიათ. სინამდვილეში ევროკავშირმა აუკტრძალა თავიანთი საქონლის გასაღების მიზნითო. ასევე საბერძნეთში ციტრუსებზე აქვთ აკრძალვები დაწესებული თუ არ ვცდები. საქართველოშიც ხომ იყო საუბარი მარცვლეულის ჯიშების შესახებ. ჩვენ მოგამარაგებთ, თქვენ არ გამოიყვანოთ ჯიშები, თქვენ მარტო დათესვა გევალებათო. რას შემოგთავაზებენ ღმერთმა იცის, ალბათ გენმოდიფიცირებულს. ევროპა კარგია, მაგრამ ეხლა ლიბერალების ხელშია, ისინი აკონტროლებენ. დღესვე რომ მიგვიღონ, ვერაფერ სარგებელს ვერ ვნახავთ იქ. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გადაგვარება და დაქცევა იქნება. რაც მეტად დავუახლოვდებით ევროპას, იმდენად ღმერთს დავშორდებით. თუ ღმერთს დავშორდით რაღად გვინდა ევროკავშირი ან ნატო?
ქართველობა და საქართველო ჩემთვის ძალიან ბევრია. ქართველობა ჩემთვის არის ღვთის გზაზე მოსიარულე ხალხი, რომლებსაც აქვთ ენა, მამული, სარწმუნოება. ხალხი, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი და სხვა არ სძულთ.
ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი,როცა ისტორიულ წიგნებს ვკითხულობდი: სანიკიძეს, ჯავახიშვილს, ჭილაძის ისტორიებს მეფეების ცხოვრებას, მათი ღვაწლისა და თავდადების შესახებ. ეს ძალიან დამეხმარა უკეთესად გავცნობოდი ჩვენს ისტორიას, წარსულს. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იცოდე და არ გიყვარდეს საქართველო-შენი ქვეყანა. მაშინ კომუნისტების პერიოდი იყო და ვოცნებობდი, თუ როდის გახდებოდა საქართველო თავისუფალი და რომ აუცილებლად ვიმსახურებდი ქართულ ჯარში, როცა საქართველო გათავისუფლდებოდა. 76 წელში რომ გამოსვლები იყო,ინფორმაციის ვაკუუმი იყო. მშენებლობაზე ვმუშაობდი-სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად სტაჟი უნდა დამეგროვებია, იქ ამბავი მოვიდა-ქალაქში დემონსტრაციები დაიწყოო და რაღა გამაჩერებდა, გავიქეცი და მონაწილეობა მეც მივიღე. დროთა განმავლობაში საქართველოს სიყვარული უფრო ძლიერდებოდა. შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, იქედან ლენინგრადში წავედი სასწავლებლად. მერე იყო ამერიკა, სადაც 88 წლის ბოლოს ჩამოვედი. მას შემდეგ აქ ვარ და გაათმაგებული ინტერესით ვადევნებ თვალს ჩვენს სამშობლოს. მაშინ აქ სატელეფონო კავშირი ჭირდა. ადვილი არ იყო გაგება, თუ რა ხდებოდა საქართველოში... გახდა საქართველო დამოუკიდებელი, აირჩიეს გამსახურდია პრეზიდენტად. არავინ ელოდა რაც მოხდა. დასავლეთის ლიბერალური სამყარო არ შეურიგდებოდა რომ რუსეთიდან გამოყოფილი საქართველო ეროვნული გზით განვითარებულიყო. მათ უნდოდათ საქართველო ხელში ჩაეგდო და მათებურად ემართათ. ასეც მოხდა, ჩამოაგდეს გამსახურდია. პატრიოტი კაცი იყო და არავის მისცემდა უფლებას საქართველოში ის გაეკეთებინათ, რაც დღეს ხდება.მე არ ვამბობ, რომ შეცდომები არ ჰქონდა, ჰქონდა-რამაც განაპირობა მისი მთავრობის დამხობა და მოხვდა კიდევაც საქართველო ლიბერალების ხელში. ასე,რომ საქართველო ჩემთვის ყველაფერია. ქართველობა არის ღვთის მცნებებზე აღზრდილი ხალხი,რომელმაც ბოლომდე ამ გზით უნდა იაროს.თუ გადაუხვევს უფლის მცნებებს, დიდი ბოდიში და უკვე ქართველობა აღარ არის.
ქრისტეს გარეშე ქართველობა ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია.
-როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს და რას უსურვებდით ემიგრანტებს?დავბრუნდებით მამაო?
-იმედი მაქვს, რომ ღმერთი არ გაგვწირავს. ხალხი უფრო გაიზრდება პოლიტიკურად, ისე, რომ პოლიტიკოსები ვეღარ მოატყუებენ მათ. იმედი მაქვს, რომ აირჩევენ ღირსეულ მთავრობას, ღირსეულ მმართველებს. ღირსეული ადამიანები კი, ღირსეულად წარმართავენ ქვეყნის მდგომარეობის საქმეს. ეს შეიძლება დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება. რაც შეეხება ემიგრანტებს-ყველაფერი კეთდება იმისათვის,რომ არ დავბრუნდეთ. ვუსურვებ მრავალრიცხოვან ქართულ ემიგრაციას, ისე წარმართებულიყოს საქართველოს საქმე,რომ ყველანი სიხარულით დავბრუნებულიყავით.ეს მოხდება მაშინ,როცა აქედან ჩასული შეძლებს იქ არსებობას, ექნება სამსახური ან ბიზნესი, ან მიწა, რომელზეც მეურნეობას გააშენებს.

შტრიხები მამა ალექსანდრეს ბიოგრაფიიდან:
მამა ალექსანდრე პატრიარქის აღზრდილია,1978 წლიდან პატიარქთანაა, 21 წლისა იყო, როდესაც უწმინდესის სტიქაროსანი გახდა. ამბობს, რომ ეს პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში. 1982 წელს დაამთავრა სასულიერო სემინარია. შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) სასულიერო აკადემიაში, სადაც ოთხი წელი სწავლობდა. იქედან დაბრუნების შემდეგ პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო მეტეხის სასულიერო სემინარიაში, სადაც ორი წელი დაჰყო. ამის შემდეგ კი უწმინდესის კურთხევით წავიდა ამერიკაში, სადაც სწავლა გააგრძელა წმ.ვლადიმირის სასულიერო სემინარიაში ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, დაქორწინდა და აკურთხა კიდევაც უწმინდესმა ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად. 
აქვს სამეცნიერო ხარისხი-არის ღვთისმეტყველების მაგისტრი.


ლელა ჭელიძე
NEWSPRESS-ის საინფორმაციო ბიურო ამერიკა-კანადაში

newspress