29-11-2022
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელში პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო. პრეზენტაციას ისრაელის ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
„საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მთავარი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ბიზნეს აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ უფრო მეტი ბიზნეს მოგზაური ისრაელიდან საქართველოში, ისინი როგორც იცით საკმაოდ მაღალმხარჯველი ვიზიტორები არიან“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა ლევან ჯაფარიძემ.
პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის კერძო სექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ.
„ტურიზმის ადმინისტრაციამ ძალიან საინტერესო პრეზენტაციაგამართა ისრაელელი ტურისტული კომპანიებისთვის, ინტერესი მაღალია. ამ პრეზენტაციის ფარგლებში ტურისტებსშევთავაზეთ სეზონური დასვენება. მაგალითად ზამთრის ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, ფესტივალები რომლებიც საქართველოში ტარდება და ჯერ კიდევ ისრაელელი ტურისტებისთვის ცნობილი არ არის“,-აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაცია მოაწყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემაც. პრეზენტაციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ისრაელელ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ეგიდით საქმიანი ტურიზმის შეხვედრები გაიმართა ისრაელისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. ეს სტიმულია მეტი ტურისტის მოსაზიდად, ასევეხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას“, -განაცხადა სასტუმრო მერკური თბილისისა და IBIS Styles-ის წარმომადგენელემა მაკა ცხომელიძემ.