29-11-2022
თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ლუბომირ სვობოდასთან განიხილა. შეხვედრა ვიდეოტელეკონფერენციით (VTC) წარიმართა.
ონლაინ ჩართვისას ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განვითარებისთვის სლოვაკეთის რესპუბლიკის ფინანსურ მხარდაჭერაზე.
კოლეგებმა საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ წვრთნებში ქართველი და სლოვაკი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს წარმოადგენს მოწინააღმდეგის შეკავების შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობის გეგმას. კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამომავლოდ ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა არტილერიის განვითარების მიმართულებით, ასევე „ნატოს სტანდარტის მიზანზე ზემოქმედების პროცესის და ცეცხლის ეფექტებისა“ და „საცეცხლე მხარდაჭერის დაგეგმვა და აღსრულების“ პროცესების შესწავლაში.